საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
“პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული. დამუშავდა, როგორც მომსახურების დარბაზები და ოპერატორთა მაგიდები, ისე ყველა ის ოთახი, რომლითაც მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სარგებლობენ. კერძოდ, დეზინფექცია ჩაუტარდა მომსახურების სააგენტოს სამუშაო ოთახებს, საგამოცდო ოთახებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საგამოცდო მანქანებიც.
მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარიც.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ჩატარდება”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.