“ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება ჩინეთს გარეთ”, – აცხადებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
როგორც ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 000 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
“ყველაზე სწრაფი ტემპით ახალი შემთხვევების გამოვლენა მიმდინარეობს სამხრეთ კორეაში. იტალიას გადაასწრო უკვე ირანმა, თუმცა სერიოზული მდგომარეობაა იტალიაში. იმატებს შემთხვევები საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში. გაორმაგდა შემთხვევების რაოდენობა და 103-მდე გაიზარდა აშშ-ში და მათგან 6 არის ლეტალური. იტალიაში არის – 2036 შემთხვევა და 52 გარდაცვლილია, გამოჯანმრთელდა 149; ირანში – 2336 შემთხვევა, 77 გარდაცვლილია”, – აცხადებს გამყრელიძე.
რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ჩინეთში, ბოლო ათი დღის განმავლობაში, აღინიშნება დინამიური შემცირება ახალი შემთხვევების.
“დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა – 123 და ყველაზე უფრო ნაკლები – 31 ლეტალური შედეგი. ჩინეთში ეპიდსიტუაცია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზულად უმჯობესდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა კვლავ სერიოზული რჩება”, – უთხრა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.