თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე კიდევ რვა პაციენტის გამოკვლევის შედეგებია ცნობილი და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ უდასტურდება.
როგორც ეზუგბაია აცხადებს, აღნიშნულ პირებს რესპულიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 13 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც სინჯი უკვე აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი. როგორც ეზუგბაია აცხადებს, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
„ამ ეტაპზე გვყავს 27 პაციენტი. დილით აღებული იქნა რვა პაციენტზე ტესტირება კორონავირუსზე და მიღებულია რვავესთან უარყოფითი პასუხი. რვა პაციენტის მერე შემოვიდა კიდევ დაახლოებით 13-მდე პაციენტი და ამ პაციენტებს ახლა აუღებენ ანალიზს. დილისკენ გვეცოდინება მათი პასუხი.
დღეს შემოყვანილი 13 პაციენტი საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი მათგანი ირანიდან არის შემოსული, დანარჩენები კი იტალიიდან. რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ, სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ ვლინდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.