ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge უნდა გაიარონ.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
სოფიო გორგოძის თქმით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.
2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან.