ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათ არც A და B ტიპის ვირუსი აღენიშნებათ.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება, კორონავირუსით დაინფიცირებულ 3 პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ბოქსირებულ განყოფილებაში გახლავთ 19 პაციენტი. ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათ შორის სამი ინფიცირებულის. გუშინ გავწერეთ 22 პაციენტი, შემოვიდა 17. ახლა ველოდებით 8 პაციენტის პასუხს,” – განაცხადა ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.