“შპს სარაგბო კლუბ ბათუმში ერთი ადამიანი სამ თანამდებობაზე-მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დანიშნული” – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ.
მათივე ცნობით, შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები, მათ მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კლუბს გაცემული აქვს ანაზღაურება.
“ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს”,-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-2018 წლებს მოიცავს.
ამასთან, აუდიტის სამსახური სარაგბო კლუბის მიერ თანხების არამართლზომიერად განკარგვის რისკზე მიუთითებს:
“2-ჯერ თბილისში და ერთხელ ქუთაისში მივლინების ხარჯებისათვის კლუბის მიერ ჯამში გადახდილია 8,636 ლარი თუმცა მივლინების პერიოდში მივლინებულ ადგილზე სპორტული ღონისძიების დაგეგმვა, ფაქტობრივად ჩატარება და გუნდის ფაქტობრივი მონაწილეობა არ დგინდება”,-ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.