“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მისმა მეუღლემ 5 უძრავი ქონების შეძენა ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს, მაშინ, როცა ჭიკაიძეს თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ბანკის სოლიდური ვალი ჰქონდა და არც დანაზოგი გააჩნდა.
„იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა.
ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.
ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები“,- აღნიშნულია განცხადებაში.