დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კვლავ სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.
გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19, ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს.
“ამ ეტაპზე, ნამდვილად, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არის. კონტროლდება როგორც საზღვრები, ისე მზადყოფნა არის სამედიცინო დაწესებულებებში. თუ გამოჩნდა კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა, რა თქმა უნდა, ადეკვატური, გადაუდებელი დახმარება იმ ადამიანს ჩაუტარდება. პირველი შემთხვევა, მოგეხსენებათ, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ მისი იდენტიფიცირება და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ავადმყოფს აქვს ადეკვატური მონიტორინგი,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.