თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
აღნიშნული ინფორმაცია ტვ “პირველის” ეთერში ექიმმა ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ გაავრცელა.
მისივე ცნობით, პაციენტს მას შემდეგ გაწერენ კლინიკიდან, როცა განმეორებითი ანალიზის დროს მას კორონავირუსი არ დაუდგინდება.
“ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ცხელება და ჩივილები არ აქვს. საზღვარზე ის მიიჩნიეს საეჭვოდ, ვინაიდან იყო შემოსული იმ კერიდან, სადაც კორონავირუსის დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული. მოიყვანეს ჩვენთან. კლინიკური სიმპტომების მიხედვით, ის კორონავირუსის ინფექციას არ ჰგავდა, თუმდა ანალიზით დადასტურდა, რომ ის ინფიცირებულია”,- აცხადებს ექიმი.
ექიმის ცნობით, პაციენტი იმედიანადაა განწყობილი და ის ყველა აუცილებელ ნორმას იცავს. ”
აბსოლუტურად იმედიანადაა განწყობილი, იცავს რეჟიმს. არ უნდა სახლში წავიდეს, ვინაიდან ჰყავს ოჯახი. გარკვეულ პერიოდში ტესტს გავიმეორებთ და როდესაც იქნება პასუხი უარყოფითი, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად მას შემდეგ გავწერთ. ახლა აუცილებელია, ის იყოს იზოლირებული და არ გახდეს სხვა ადამიანების დაინფიცირების მიზეზი”,- აცხადებს მარინა ენდელაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო)