გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არ შეუშვეს. ამის შესახებ “მეტრონომს” აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენელმა, ლაშა ბერულავამ განუცხადა.
მისი თქმით, ისინი სოფელ ქვემო არცევში, რომელიც საოკუპაციო ზოლში მდებარეობს და საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სოს-ღილაკის დატესტვას აპირებდნენ.
“პოლიცია დაკავებულია იმით, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არ შეუშვას ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, საუბარი არ არის იმ ტერიტორიასთან მიახლოებაზე, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ.
ეს ყველაფერი, ჩვენი აზრით, უკავშირდება იმ მოწყობილობის დატესტვას, რომელსაც ჩვენ ვაპირებდით. სოს-ღილაკი არის ასეთი მოწყობილობა, რომელიც გაართულებს საოკუპაციო ზოლიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ოკუპანტების მიერ. რეალურად, ეს რის პატარა სამაჯურზე დამაგრებული მოწყობილობა, რომელიც 66 გრამს იწონის. ეს მოწყობილობა შესაძლებელს ხდის იმის დამტკიცებას, რომ რეალურად ოკუპანტები ადამიანებს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ ხოლმე.
ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა ამ მოწყობილობას – ის მანამდე სოფელ კირბალში დავტესტეთ. ხელისუფლებამ იცის ამის შესახებ და ცდილობს ხელი შეგვიშალოს, ალბათ – სხვა დასკვნა არ მაქვს. ჩვენ 112-ის ჩართვასაც ვაპირებდით, ანუ ერთ-ერთი უწყება, რომელსაც უნდა მისვლოდა სიგნალი მოწყობილობიდან, უნდა ყოფილიყო 112, მაგრამ შსს აბსოლუტური დუმილით შეხვდა ამ ამბავს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებზე ყველგან არის შეზღუდვა, არსად არ გვიშვებენ – აძვში, ხურვალეთში, გუგტიანთკარში, ატოცში, საიდანაც გამოგვიყვანეს მოტყუებით და მერე აღარ შეგვიშვეს”, – უთხრა “მეტრონომს” ლაშა ბერულავამ.