საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მტვრის შემცირებისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ახალი რეგულაციის შესახებ კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შეფუთვის გარეშე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სანქციების შესახებ ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ეფექტიანად იმუშავა და ამ დრომდე, სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა. მისივე თქმით, მოქმედი რეგულაციები საკმარისი არ არის და ქალაქში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციების მიღება აუცილებელია.
„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ვიცით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, როგორ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ასევე, სამშენებლო მტვერი და ამ მიმართულებით, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეფუთვის გარეშე ასეთი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამ კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა, ძალიან ეფექტიანად იმუშავა – ამ დრომდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 415 ფაქტი, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კანონს ზოგიერთ შემთხვევაში, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებიც არღვევდნენ, როდესაც ქუჩებში ქვის მშრალი წესით დამუშავებას ახდენდნენ.
„ბევრი მსგავსი კომპანია დაჯარიმდა, თუმცა ამ მიმართულებით, მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ. ქალაქში მტვრის ნაწილაკების შემცირებას, ასევე, ხელს უწყობს მულჩირება. ყველას შეგვხვედრია ჩაბეტონებული გზაგამყოფები და ვეცადეთ, რომ ეს ადგილები გაგვემწვანებინა. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის. იმავე კანონში, რომელიც ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ, იყო კიდევ ერთი მუხლი, რომელიც კანონქვემდებარე აქტის მიღებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას გვავალდებულებდა. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, მსგავსი მასალების რეალიზაცია აიკრძალება ისეთ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა საცხოვრებელი, რეკრეაციული ზონები, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მასალებით ვაჭრობენ, ახალი რეგულაციების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. მათ სავაჭრო საქმიანობის კანონმდებლობით დაშვებულ ადგილებში გასაგრძელებლად, გონივრული ვადა მიეცემათ.
„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, ხვალიდანვე დავიწყოთ კომუნიკაცია ყველა იმ ადამიანთან, ვინც ასეთი მასალებით ვაჭრობს და მივაწოდოთ ჩვენი გეგმა და ხედვა, ასევე, მივცეთ გონივრული ვადა და მითითებები, თუ სად უნდა განაგრძონ საქმიანობა. გთხოვთ, კანონპროექტი, რომელიც გვავალდებულებს რეგულაციების მიღებას, დროულად მოამზადოთ და გადააგზავნოთ საკრებულოში. რეგულაციები 2021 წლის პირველი იანვრიდან ავამოქმედოთ, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ თავიანთი საქმიანობა კანონმდებლობით დაშვებულ სხვა ადგილებში განახორციელონ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. იქ, სადაც საცხოვრებელი ზონებია, ასეთი საქმიანობა აკრძალული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.