დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, “მეტრონომს” ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდა კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2018 წლის სტატისტიკა და ანალიზი. სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 2015-2018 წლებში, 9 500-11 000-ის ფარგლებში მერყეობს.
საქართველოში, სიმსივნით დაავადებულთა სტატისტიკის არ სჯერა თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ექიმს, დოქტორს, ექიმთა და ონკოლოგთა სასწავლო ცენტრის დირექტორს; საყლაპავისა და მუცლის ღრუს, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგ-ონკოლოგს პაატა ბეგიჯანაშვილს. ის “მეტრონოთან” ამბობს, რომ მაგალითად, ფილტვის კიბოს შემთხვევები, კომუნისტების დროს, თვეში 20-დან 45-მდე იყო. ახლა კი თვეში – 200-380 შემთხვევა ფიქსირდება. “ფიზიკოსებს ვკითხე და მითხრეს, რადიაცია ჩვენთან გაორმაგებულია” – ამბობს “მეტრონომთან” ბეგიჯანაშვილი. მისი განცხადებით, ონკოლოგიურ დაავადებათა სერიოზული ზრდა 2008 წლის ომის შემდეგ აშკარაა. რა მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ? რატომაა გაორმაგებული რადიაციული ფონი ამ პერიოდის შემდეგ? ონკოლოგი გვეუბნება, რომ ჩვენს ნიადაგში არის რადიაციული ნივთიერება როდონი. მისი თქმით, ვიღაცამ ამ ნივთიერების კატალიზირება მოახდინა. “ჩემი პირადი დაკვირვების შედეგია ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გორში, ხაშურსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ძალიან მოიმატა კანის კიბოს შემთხვევათა რაოდენობამ”. – ამბობს ბეგიჯანაშვილი.
“მეტრონომი”: რა არის ავთვისებიანი სიმსივნე, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?
პაატა ბეგიჯანაშვილი: წესიერი უჯრედები მრავლდება თანაბრად. წარმოიდგინეთ ქარხანა, სადაც მანქანის აწყობა მიმდინარეობს – გაუკეთეს ბორბლები, სხვა ნაწილები და ბოლოს გამოდის აწყობილი მანქანა. დავუშვათ ერთი ფრაგმენტი გამოტოვეს – არ გაუკეთეს ბორბლები, ვეღარ წავა მანქანა. იგივეა დნმ-იც – არასწორი გაყოფა ხდება ჩვენი ქრომოსომების. ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზმში მილიარდობით უჯრედი ახლდება, იქ შეცდომა ათასობით ხდება. ორგანიზმში, ერთი არასწორი და კიბოს აღმოცენებადი უჯრედი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამას შლის იმუნური და ჰორმონალური სისტემა. ზოგჯერ ხელსაყრელ პირობებს ნახულობენ უჯრედები, რომლებიც არასწორად გაიყო. ერთი ფრაგმენტიც რომ ამოვარდეს ცილის, რომელიც ჩვენს დნმ-ზე წარმოიშობა, უკვე შხამია ჩვენთვის და რაღაცაზე იმოქმედებს.
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, პრევენცია უნდა იყოს კარგად განვითარებული, რომ უფრო მეტი გამოვიჭიროთ ადრეულ პერიოდში. ამიტომ, პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები – პოლიკლინიკები უნდა იყვნენ აქტიურები. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა საშიშროების წინაშე დგას. ოჯახის ექიმებმა უნდა იმუშაონ ამაზე.
მაგალითად, იაპონიაში სტუდენტებისთვისაც კი უჭირთ მეოთხე სტადიის კიბოს ჩვენება, რადგან პირველ-მეორე სტადიაში ხდება მისი აღმოჩენა. “ვინც კიბოთი არ დაიღუპა, ის თავის კიბომდე ვერ მივიდა” – ასეთი გამოთქმა არსებობს. ანუ, ოდესმე ჩვენი იმუნიტეტი, ჰორმონალური სისტემა შეცდომას დაუშვებს და აღმოცენდება კიბო.
– რა მეთოდები არსებობს ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ და რამდენად მაღალია გადარჩენის მაჩვენებელი?
– საქართველოში ყველანაირი საშუალება გვაქვს, ყველანაირი აპარატურა არსებობს, რომ მომართვის შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ ონკოდაავადება და ვუმკურნალოთ – დროულად აღმოჩენილი კანის კიბოებიდან, მელანომის გარდა, ყველა იკურნება დღეს; ხორხის კიბო – ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი იკურნება, ასევე საკვერცხე, მსხვილი ნაწლავი. ქირურგია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია – აღნიშნული მეთოდები გამოიყენება ონკოავადმყოფებზე სამკურნალოდ.
ამიერკავკასიაში ონკოლოგია ყველაზე კარგად არის განვითარებული. მე პასუხს ვაგებ საზღვარგარეთიდან შემოსულ პაციენტებზე. აქ არის ლაპარაკი აზერბაიჯანსა და სომხეთზე. ძალიან აქტიურად მოდიან საქართველოში. იქით მე წასული არ მინახავს არავინ. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიდანაც თავისთავად ჩამოდიან აქეთ. გვყავს ძალიან კარგი ონკო-სპეციალისტები და გვაქვს კარგი ონკოლოგიური ცენტრები.
აქვე ერთი რამის თქმა მინდა – მინდა ყურადღება გავამახვილო აფხაზებზე – მათი საქმე არის წასული. ჩვენთან, აფხაზეთიდან ჩამოსული ძალიან ბევრი ადამიანი მკურნალობს. 30 კაციდან 15 შიდსი, სიფილისი, C ჰეპატიტი აქვს. 30-40 ათას ახალგაზრდას, რომლებიც უნდა გამრავლდნენ აფხაზეთში, მომავალი არ აქვთ. სომხებმა და კაზაკებმა ძალიან იაქტიურეს მათ დასნეულებაში – ეს მიზანდასახულად ხდება – აფხაზი არ აწყობთ იქ რუსებს, სომხებსა და კაზაკებს. რაც ნაკლები აფხაზი იქნება, მით მეტი ადგილი ექნებათ მათ აფხაზეთში.
– რა იწვევს კიბოს? რა შეგიძლიათ გვითხრათ, ონკოდაავადებების მაპროვოცირებელ გარეგან მიზეზებსა და გენეტიკის გავლენაზე?
– გარეგანი მიზეზებია: ჰაერი, წყალი, საკვები, რადიაციული ფონი. რადიაციული ფონი – ჩვენს ნიადაგში არის რადიაციული ნივთიერება როდონი. რატომღაც, ვიღაცამ ამ ნივთიერების კატალიზირება მოახდინა. ალბათ, ამით უნდა აიხსნას რადიაციული ფონის მომატება. ჩემი პირადი დაკვირვების შედეგია ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გორში, ხაშურსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ძალიან მოიმატა კანის კიბოს შემთხვევათა რაოდენობამ. იყო პერიოდი, თვეში 30-40 ოპერაციას ვაკეთებდით. ვიღაცამ შეიძლება მოახდინა რადიაციული ნივთიერების კატალიზირება, შეიძლება თავად მოხდა. 2008 წლის შემდეგ, პირადად ჩემთან, კატასტროფულად მოიმატა კანის ონკოდაავადებამ – კახეთიდან თუ თვეში 5 მოდის, შიდა ქართლიდან – 50.
ათასნაირი იარაღი არსებობს, როგორც მიწისძვრის გამომწვევი იარაღი აქვთ, არ არის გამორიცხული, რომ არსებობდეს მაგის ტექნოლოგიაც. საქართველო ყველაზე სუფთა იყო, რადიაციული ფონი არასდროს არ ყოფილა მომატებული. ახლა რადიოლოგებს, ფიზიკოსებს რომ ვეკითხები, ამბობენ, რომ რადიაცია გაორმაგებულია. სპონტანურად საიდან მოხდებოდა, როგორ? სურამი ჰგონიათ, რომ ბავშვებისთვის კარგია – იქაც რადიაციული ფონია ძალიან მომატებული. აბასთუმანია ყველაზე სუფთა, სხვაგან ძალიან დაგვიბინძურეს ბუნება და იმიტომაც წამოიწია ონკოდაავადებებმა.
წყალი – ფაქტობრივად, ჭის წყალი არ დაილევა. იმ წყალს, რაც შეფუთულია და იყიდება, ვარგისიანობის ვადა ერთი წელი აქვს, როგორ? ნაკადულის წყალი რომ ავიღოთ, ის რამდენიმე დღეში გამოსაყენებლად უვარგისი იქნება, შეფუთული წყალი კი, ერთი წელი ძლებს. ეს იმიტომ, რომ მას გარკვეული დანამატები აქვს.
რაც შეეხება საკვებს – შემოდის უხარისხო საკვები, უხარსხო სიგარეტი. კონკრეტულად უხარიხსო სიგარეტის მიზეზით ძალიან მოიმატა ფილტვის კიბომ. ჩვენთან, სიგარეტში, რომელიც იყიდება, ყველაფერი სინთეტიკურია. ფილტვის კიბოს შემთხვევები, კომუნისტების დროს, თვეში 20-დან 45-მდე იყო. ახლა თვეში 200-380 შემთხვევა ფიქსირდება. ფილტვის კიბოს შემთხვევების 99%-ს ეკოლოგიის დარღვევა იწვევს. 2-3% უჭირავს გენეტიკას.
მე სხვანაირად ვუყურებ ამას. პატარა ერი ვართ. აქ არის საუბარი, ალბათ, უფრო ტექნიკურ ბრძოლაზე, არანაირი ომი არ გვჭირდება ხომ ამის შემდეგ. 3 მილიონი ვართ ხომ, იქიდან უხეშად რომ ვთქვათ, გამრავლების უნარიანია 1 მილიონამდე, მათ შორის, მდედრობითი სქესი უფრო მეტია, დაახლოებით 600 000. რჩება 400 000 კაცი, საიდანაც 100 000 ისედაც ვარდება შემდეგი მიზეზებით: ნარკომანია, ჰომოსექსუალობა, ალკოჰოლი. ბავშვი რომ იბადება, ორივე ჰორმონებით იბადება – ესტროგენით და ანდროგენით. 12-13 წლის ასაკში, ანუ მომწიფების პერიოდში, გოგონებსა და ბიჭებში შესაბამისი ჰორმონების გააქტიურება ხდება ბუნებრივად. საკვებში(ტკბილელი) შემავალი დანამატები მოქმედებს უარყოფითად. ბიჭებში ანდროგენებს თრგუნავენ და წინ იწევს ესტროგენები. რატომღაც, ყოველთვის ცდილობენ, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში შემოიტანონ ასეთი რაღაცები… ეს უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ.
უხარისხო დანამატები იწვევს კიბოს, ამის გარდა, არასწორ მომწიფებას იწვევს, ამას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამას აკეთებდეს სპეციალურად, რომ ეს საკვები ჩამოვიდეს საქართველოში და აქ დაიტესტოს, ასევე ეს ემსახურება ჩვენს შემცირებასაც.
რაც შეეხება გენეტიკის წილს, გენეტიკურად ითვლება ის კიბო, რომელსაც წინა სამ თაობაში ერთი და იგივე სახეობის კიბო ჰქონდა.
– ოფიციალური სტატისტიკით, ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 2015-2018 წლებში 9 500-11 000-ის ფარგლებში მერყეობს. ასახავს თუ არა აღნიშნული სტატისტიკა ონკოდაავადებათა რაოდენობის რეალურ მაჩვენებელს?
– საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა წამყვანმა ქიმიოთერაპევტმა ერთ-ერთ გადაცემაში, გარკვეული ხნის წინ, განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მხრივ, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ისეთივე მდგომარეობაა და შემთხვევათა რიცხვი არ მომატებულაო – როგორ არ მოიმატა?! მე მძიმე პაციენტებთანაც ვმუშაობ და აქედან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია მაქვს. აქედან გამომდინარე, ოფიციალურ სტატისტიკას არ ვეთანხმები – წინა წლებში, არ წერდნენ ექიმები რეგისტრს და შეუძლებელია, რომ ეს სტატისტიკა რეალობას ასახავდეს. რაც არის სტატისტიკაში, ერთი იმდენი შემთხვევა კიდევ იქნებოდა. ეს არასწორი მონაცემებია, რალურად კი, ერთი ამდენივე დაკარგულია, თუ მეტი – არა. რეალობის ამსახველი სტატისტიკა, ვინაიდან პროგრამა საპილოტე აღარ არის, 2019 წლიდან და ზევით რეალური ვითარების ამსახველი იქნება იმ 2-3%-ის გარდა, რომელიც არ მოვიდა აქამდე და ისე დაიღუპა.
ჩემს ბავშვობაში მახსოვს, ვიღაცას სადღაც ჰქონდა კიბო. ახლა, ორი წლის მანძილზე მე-13-მე-14 ნათესავი მყავს კიბოიანი.
– რას გვეტყვით სკრინინგ-პროგრამასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე – რა ტიპის შეღავათებით სარგებლობენ ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?
– სკრინინგ-პროგრამა შესანიშნავი პროგრამაა, თუმცა ხალხი არ მიდის – არ არსებობს კულტურა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას რაც შეეხება, ეს მთავრობის დიდი მიღწევაა. ონკოდავაავადებულების შემთხვევაში, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციების გარდა, მკურნალობის ღირებულების 70% ფინანსდება, პენსიონერებში – 90%. დაახლოებით, 10-20%-ს ადგილობრივი გამგეობები აფინანსებენ.
– და ბოლოს, აღნიშნულ სტატიას, შესაძლოა, კითხულობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ავთვისებიანი სიმსივნე არა დიაგნოზი, არამედ განაჩენია. რას ეტყვით მათ?
– მათ უნდა მოაკითხონ ონკოლოგიურ კლინიკებს და იმკურნალონ. მათ აქვთ შანსი გამოჯანმრთელების – თუნდაც რამდენიმე პროცენტი. 100%-დან 3 და 5%-იც თუ არსებობს, ანუ 100 კაციდან 3 და 5 კაციც თუ გადარჩება, იქნებ, იმ 3 ან 5 კაცში შედიხარ – რატომ იკარგავ შანსს? დავუშვათ, ვინც ვერ მორჩება, მათ ცხოვრების ხარისხის შემსუბუქება ხომ უნდათ?
მარიამ იმერლიშვილი