„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“, რომელიც საქართველოში „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა“ და „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის“ წარმომადგენელია, განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში მოხდეს იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელიც „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არის შექმნილი.
“აჭარის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საშოშროების და შრომითი უფლებების დარღვევის გამო, საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა.
საქმე იმაშია, რომ მაია მერკვილაძე, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ამ ფაქტს წინ უსწრებდა ტელევიზიის ახალი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კოხრეიძის დანიშვნა, რომელიც, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ხელისუფლების მხრიდან მართულია და მათ დავალებებს ასრულებს.
ახალი დირექტორი შტატების შემცირების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც 5-კაციანი საბჭოდან მხარი სამმა წევრმა დაუჭირა. შედეგად გაათავისუფლეს ახალი ამბების უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელი გიორგი მურვანიძე, შემოქმედებითი მიმართულებით მოადგილე – ბესო დუმბაძე და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძე. ამასთან, ჟურნალისტები ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე გადაცემის დახურვის საშიშროება.
ახლახანს, “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას” აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ, დაუდასტურა, რომ მან პროტესტის ნიშნად განცხადება დაწერა და დატოვა ტელევიზია.
„საუბარია კონკრეტული ადამიანების უფლებებზე, რომელიც ირღვევა,” – განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა.
ტელევიზიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, არსებულ ვითარებას არ შეეგუებიან და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტების შრომითი უფლებები, დეტალურად განიხილოს თითოეული დაზარალებული ჟურნალისტის საქმე და ხელი აიღოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ უფლებას იტოვებს კანონის ფარგლებში, ნებისმიერ ფორმას მიმართოს ჟურნალისტების და მედიასაშუალების დასაცავად. ამასთან, აღნიშნული საპროტესტო წერილი გაეგზავნა „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა“ და „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციას“ ბრიუსელში, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციაა“.