„ეს არის დამპალი, გახრწნილი, გათახსირებული პოლიტიკური პარტიების ზემოქმედების შედეგად დამდგარი განაჩენი. ჩვენ ქვეყანას კიდევ დიდი ხნით მოუწევს ბნელეთში ყოფნა აი, ასეთი დეგენერატული პოლიტიკური ძალების გამო. ვიდრე საქმეზე სიმართლე არ დამტკიცდება, არ მოვეშვებით არც ერთ შემთხვევაში. ყველამ უნდა აგოს პასუხი, დიდმაც და პატარამაც, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“, იმ კაპანაძეებით, ხოშტარიებით, კახიძეებით და „ქართულ ოცნებას“ მიკედლებულმა პოლიტიკურმა ნაძირლებმა“
ზურაბ თოდუა – მიხეილ კალანდიას ადვოკატი
აღნიშნული განცხადება თოდუამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.