ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მის არმისვლას და ამასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მაჭავარიანმა არნიშნა, რამდენიმე დღის წინ მინისტრის საათის ფარგლებში მან პარლამენტში გამოსვლისას ყველა კითხვას გასცა პასუხი, ამიტომ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე მისვლა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
„მე არ ვიტყოდი, რომ თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად. რამდენიმე დღის წინ, მინისტრის საათის ფარგლებში, ვიყავი პარლამენტში , სადაც ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე იმ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, რაც დასმული იყო საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. მანამდე კომიტეტში წერილიც კი გავაგზავნეთ, რომ მინისტრის საათის ფარგლებში გამოვდიოდით და იქ გავცემდი ყველა კითხვას პასუხს“,-აცხადებს მაჭავარიანი.
ამასთან, მინისტრი ჟურნალისტებს მოუწოდებს, გადაამოწმონ, რომელი მინისტრი რა პერიოდულობით დადის პარლამენტში და ნახავენ, რომ ყველაზე ხშირად მოხხენება სწორედ მას აქვს გაკეტებული.
„ბოლო 5 თვის განმავლობაში ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. ჟურნალისტებმა ნახეთ, ოდესმე ამდენჯერ თუ იყო რომელიმე მინისტრი მისული საქართველოს ისტორიაში. გადახედეთ და ნახავთ, რომ ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ასევე, მინისტრის შეფასებით, “დეპუტატები საცირკო სანახაობისთვის” იყვნენ მისულები.
შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.