არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, მდუმარე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საელჩოს შენობასთან ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერებით – „ტატუნაშვილი გმირია“, „დიდება ეროვნულ გმირებს“, „რუსეთი ოკუპანტია“ და სანთლები აანთეს.
„პირველ რიგში, ეს არის მადლობის გადახდა არჩილ ტატუნაშვილისთვის. ამ ადამიანმა უძვირფასესი გაიღო, რასაც სიცოცხლე ჰქვია, საკუთარი იდეებისთვის და ეს იდეა იყო ერთიანი და ძლიერი საქართველო. მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ დავივიწყებთ, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ვფიქრობთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს ტრიბუნებზე დაბრუნდეს“, – აღნიშნა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კუპატაძემ.