ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა – წილკანში გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. სოფელ წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა.

სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. წილკანში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი.

„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორ უღმერთოდ იყო ჩემი შვილი ნაწამები და მოკლული ოსი სეპარატისტების მიერ. რა თქმა უნდა, თუ არა რუსი ოკუპანტების ხელის შეწყობა, მაგდენს ვერ გაბედავდნენ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. უფრო გვიჭირს არჩილის გარეშე. უფრო აუტანელია ის, რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილი არ არის. ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე, რომ პასუხი აგებინონ. კი არიან პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ რა აზრი აქვს, დადიან თავისუფლად“, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოს.

იტვირთბა....