ახალი ამბები კულტურა მთავარი

“იცეკვეთ, რათა გათავისუფლდეთ” – ქართველი მოცეკვავე, რომელმაც მოწვევა აშშ-დან მიიღო

“ხელოვნება ჩემია”, “რომ არა მოცეკვავე, ალბათ, საოპერო მომღერალი ვიქნებოდი”, “ცეკვა ათავისუფლებს”, “ჩართეთ მუსიკა და უბრალოდ იმოძრავეთ”, – ეს ფრაზები ეკუთვნის ბიჭს, რომელიც 12 წლიდან ცეკვავს და სტუდია “თელას” მოცეკვავე, დღეს საერთაშორისო მსაჯების დიდი ინტერესის ობიექტია. იგი არაერთი მოწვევის შემდეგ, კარიერის გაგრძელებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც აპირებს.

ის ანსამბლ “მანანურსა” და ანსამბლ “მხედრულში” ქართული ხალხური ცეკვების სოლოპარტიებს ასრულებდა და როგორც ამბობს, “მწვერვალზე” იმყოფებოდა.

სცენასა და აპლოდისმენტებს შეჩვეულმა, მოგვიანებით, გადაწყვიტა, ბედი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებშიც ეცადა. ამბობს, რომ “პირველი წელი მწვერვალიდან დაშვებას” ჰგავდა, თუმცა არ დანებებულა – დაუღალავი შრომის შედეგად, კვლავ აღმასვლა დაიწყო და მისმა “ამბიციებმაც ფრთები შეისხა და გაშალა”.

მსოფლიოს საერთაშორისო ტურნირის ფინალისტობას, საქართველოს ჩემპიონატზე, უფროსების ქვეჯგუფის ფინალისტობა და სხვა არაერთი მსოფლიო დონის კონკურსში მონაწილეობა მოჰყვა. ცეკვავდა იტალიაშიც და პარალელურად, სამწვრთნელო საქმიანობითაც იყო დაკავებული.

როგორ აღმოჩნდა სცენაზე და რა გზა გაიარა ქართული ხალხური ცეკვებიდან სამეჯლისო სპორტულ ცეკვებამდე; რა გამოწვევების წინაშე დგას და როგორია მისი სამომავლო გეგმები – “მეტრონომს” მიშიკო ბრეგვაძე ვრცლად ესაუბრა:

“მეტრონომი”: როგორ აღმოჩნდი სცენაზე?

მიშიკო ბრეგვაძე: სცენაზე – ცეკვით. ქართული ცეკვებით, საკმაოდ გვიან, მაგრამ წარმატებულად დავიწყე. 12 წლის ცეკვაზე შემიყვანეს. პირველივე წელს ისე მოხდა, რომ სამ თვეში, დაწყებითი ჯგუფიდან უკვე კონცერტზე გამიყვანეს. ჩემთვის დიდი სტიმული იყო, როცა მასწავლებელი მეუბნებოდა, ნიჭიერი ხარ, ჯერ არ მყოლია ასეთი მოსწავლე, რომ ასე მალე კონცერტზე გამეყვანაო.

ეს იყო ოზურგეთში, ანსამბლ “მანანურში”. იმაში, რომ ცეკვა შემყვარებოდა, დიდი როლი ითამაშა, ჩემმა პედაგოგმა. “მანანურში” დღეს არსებობს ჩემი სახელობის პრემია, რომელსაც ყოველწლიურად მიიღებს ერთი წარმატებული მოცეკვავე. “მანანურში” ვცეკვავდი 4 წელი და პარალელურად ვცეკვავდი ქობულეთის ანსამბლ “მხედრულში” სოლისტად – მოწვევებიც მქონდა ხოლმე.

– როდის და რატომ გადაწყვიტე, გადასულიყავი ქართული ხალხური ცეკვებიდან სამეჯლისო, სპორტულ ცეკვებში?

– ქართულ ცეკვაში თავს ვგრძნობდი ძალიან კარგად. სოლისტი, მწვერვალზე ვიყავი. ქართული მუსიკაში ყველაფერს გრძნობ, ყველაფერი გესმის, თითქოს ისტორიის ნაწილი ხარ – ამაღლებული გრძნობაა. ქართულ მუსიკასა და ქართულ ცეკვაზე ჟრუანტელი მივლის, მაგრამ სულ მქონდა განცდა, მეტი შემეძლო, რომ შემეძლო საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვყოფილიყავი ცნობილი. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ არ ვყოფილიყავი ჩარჩოებში მოქცეული და ერთი სოციუმისთვის, ან ერთი ქვეყნისთვის ცნობილი. მინდოდა, გლობალურად მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. აქედან გამომდინარე, ვაპირებდი, რომ კლასიკური ბალეტი მეცეკვა, მაგრამ ასაკი დაგვიანებული იყო. ბოლოს, შევჯერდი, რომ სამეჯლისო ცეკვები იყო უფრო ახლოს ჩემთან. ჩემმა გადაწყვეტილებამ გამიმართლა.

წამოვედი თბილისში და 2013 წელს, საკუთარი ინიციატივით, შევედი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებზე. თავდაპირველად, ვიყავი სტუდია “ელეგიაში” მზია ორველაშვილთან. შემდეგ კი, გადავედი “თელაში”. ქართული ცეკვებიდან სამეჯლისო ცეკვებზე გადაწყობა რთული იყო – განსხვავებული ატმოსფერო, განსხვავებული თვლები. პირველი წელი იყო მწვერვალიდან ქვევით დაშვება და ძალიან გამიჭირდა – შეჯიბრებებზე ბოლო ადგილზე ვრჩებოდი ხოლმე, მაგრამ მეორე წლიდან წამოვიდა წარმატება. ყოველდღე ვვარჯიშობდი.

როგორ და როდის მოვიდა პირველი წარმატება – როდის მოხდა გარდატეხა, როგორც ლათინოამერიკული პროგრამით მოცეკვავის კარიერაში?

– მსოფლიოს საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 25 ქვეყანა მონაწილეობდა, მე და ჩემი მეწყვილე ვალენტინა მოვხვდით ფინალში. ეს იყო ჩემთვის ნიშანი იმისა, რომ სამეჯლისო ცეკვებშიც შემეძლო რაღაცის გაკეთება – ჩემმა ამბიციებმაც ფრთები შეისხა და გაშალა. ამის შემდეგ, საერთაშორისო მსაჯებმაც შემამჩნიეს და მივიღე შემოთავაზებები. იყო მოწვევები სხვადასხვა ქვეყნიდან. 2017 წელი გახდა, ალბათ, გარდამტეხი წელი ჩემს კარიერაში, როცა ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა. ამ წელს, წავედი იტალიაში. ვცეკვავდი იტალიის სახელით, მყავდა ჯგუფები და ვავარჯიშებდი. 9 თვე დავყავი იტალიაში – აქედან პირველი ვადით სამი თვე, ხოლო მეორე – 6. საკმაოდ წარმატებული იყო „Alma dance“- ში ცეკვა. მე და ჩემ მეწყვილეს მოწვევა, იტალიის პარალელურად, გვქონდა ნორვეგიიდან, ესპანეთიდან – იტალიაზე შევჯერდით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვცეკვავდი მარიამ ფეტელავასთან. მასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატზე, უფროსების ქვეჯგუფში ვიყავი ფინალისტი. გამოვყოფდი ასევე მინსკში, საერთაშორისო ტურნირზე, 2017 წელს ფინალს. ასევე, ბათუმში საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობდა 32 ქვეყანა, ჩვენ მესამე ადგილზე გავედით ლათინოამერიკული ცეკვების პროგრამით “ამომავალი ვარსკვლავის” კატეგორიაში.

ცეკვასთან ერთად, სამწვრთნელო საქმიანობითაც ხარ დაკავებული – გვიამბე შენ მოსწავლეებსა და მიშიკო ბრეგვაძეზე, როგორც ტრენერზე

– ვარ პერსონალური ტრენერი, ვავარჯიშებ წყვილებს. “თელაშიც” მყავდა მოსწავლეები, თვითონ სტუდია მაძლევდა ამის უფლებას. ვასწავლი ლათინოამერიკული ცეკვების და სტანდარტულ ევროპულ პროგრამასაც, მაგრამ მე თვითონ შეჯიბრებებზე არ ვცეკვავ. რაც შეეხება ჩემ მოსწავლეებს, მწვერვალზე მყოფები იყვნენ “სენიორ 1”-ის კატეგორიაში – მარიამ კუკუნაშვილი და შაკო მელანაშვილი, რომლებიც არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორები არიან. მსოფლიოს სპორტ-ცეკვების რეიტინგში იყვნენ ტოპ-ოცეულში. საქართველოდან ასეთი შედეგი ჯერ არავის ჰქონია.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ადამიანი, რომელიც დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?

– დედაჩემი არის ადამიანი, რომელიც ყველა საქმეში მეუბნება, რომ გამომივა. მან იცის, თუკი რამეს ხელს მოვკიდებ, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ საიმისოდ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო. დედაჩემი იყო ადამიანი, რომელმაც ცეკვაზე შემიყვანა. არც მამას და არც სხვას არ უნდოდათ, რომ ცეკვაზე შევსულიყავი, რადგან კარგად ვსწავლობდი და მიიჩნევდნენ, რომ თუ ცეკვაზე შევიდოდი, სწავლას თავს დავანებებდი. დედაჩემმა ჩემს ინიციატივას მხარი დაუჭირა. იმ დღიდან გვერდით მედგა ჩემს ყველა გადაწყეტილებაში. შეუძლებელსაც კი აკეთებდა იმისთვის, რომ ყველაფერი გამეკეთებინა. ასევე, ჩემი ქართული ცეკვების მასწავლებელი მანანა მაკარიძე მეუბნებოდა ხოლმე, რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყოველთვის გამოგივაო, რადგან შრომისმოყვარე ხარო. ამ ადამიანმა შემაყვარა ცეკვა – ჩემი ცხოვრების აზრი შემაყვარა.

რომ არა მოცეკვავე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მიშიკო ბრეგვაძე?

– როცა ცეკვავ, არაფერი გესმის იმ მომენტში. როცა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში გადმოვედი, იმის გარდა, რომ აღფრთოვანებული შეგრძნება მქონდა, იმის გარდა, რომ ტაში მხიბლავდა, იმის გარდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი იყო, არის კიდევ სპორტული ინტერესი, რომ განვითარდე, სხვა წყვილებს მოუგო. ცეკვის მომენტში ხარ მხოლოდ შენ და შენი მეწყვილე, რომელთან ერთადაც მუსიკას იზიარებ და მოძრაობებს აკეთებ. რასაც ვაკეთებ, უნდა გსიამოვნებდეს და ამას არ ვაკეთებ მხოლოდ ადგილის მოპოვებისთვის, პრიზისთვის. ეს არის სიამოვნება, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, მავიწყდება ყველა პრობლემა და აბსოლუტურად ყველაფერი. პარკეტზე თავს ვგრძნობ ისე, როგორც არსად.

არის ნერვიულობის მომენტებიც. ყოველთვის ვნერვიულობ. ტურნირის დროს, არ ვლაპარაკობ ხოლმე, მაქვს მხოლოდ ჩემს მეწყვილესთან კომუნიკაცია. იმის კი არ მეშინია, რაღაც არ გამომივა, არამედ მეშინია ხოლმე იმის, რომ რაღაც ისე არ გამომივა, როგორც შემიძლია. ყოველთვის მინდა, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გამოვიდეს. რაც შეეხება იმას, თუ მოცეკვავის გარდა, რომელი პროფესია შეიძლებოდა მქონოდა, გეტყვით, ბავშვობაში ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს გუნდში. მერე აღმომაჩნდა საოპერო ხმა. ყოველთვის მომწონდა ოპერა და რომ არა მოცეკვავე, ალბათ, ოპერის მომღერალი ვიქნებოდი. არ განვავითარე ეს მიმართულება, ცეკვა რომ დავიწყე, მუსიკას შევეშვი. ხელოვნება ჩემია.

ნერვიულობის გარდა, პარკეტზე მქონია კურიოზიც. ტურნირების დროს, შეჯიბრების დროს იმართება ტურები. ერთხელ პირველი ტურის ცეკვის შემდეგ, არ ველოდი, რომ მეორე ტური მალევე იქნებოდა. გავიხადე ფეხსაცმელი და უცებ, გამოაცხადეს ჩვენი კატეგორია და რა უნდა მექნა? ჩავიცვი ფეხსაცმელი, მაგრამ თასმების შეკვრა დამავიწყდა. ცეკვის დროს გამძვრა ფეხსაცმელი, ფეხშიშველმა გავაგრძელე.

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან დღეს საქართველოში სამეჯლისო სპორტული ცეკვების მოცეკვავეები?

– სამეჯლისო სპორტულ ცეკვებს, შემიძლია გითხრათ, არ გვაქვს არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან. ეს არის ჩვეულებრივი სპორტის სახეობა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი, გერმანია თავიანთ წყვილებს მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის დროს ხარჯებს უნაზღაურებენ. ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფო თავის თავზე არანაირ ვალდებულებას არ იღებს. გვიწევს ხოლმე საკუთარი სახსრებით ტურნირებზე წასვლა. ფაქტობრივად, მთელი თვის მანძილზე დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტურნირზე წასასვლელი თანხა შევაგროვოთ.

რას გვეტყვი სამომავლო გეგმებზე, როგორ ხედავ შენი კარიერული გზის განვითარებას?

– ისევ ვაპირებ, რომ სხვა ქვეყნის სახელით ვიცეკვო. მაქვს მოწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-ის სამი შტატიდან – ფლორიდიდან, მინესოტადან და ტენესიდან. გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებული მაქვს, ყველაფერი დამოკიდებულია ვიზის საკითხზე. ამერიკაში, კონკრეტულ ცეკვის სტუდიაში დავიწყებ ცეკვას და ასევე, გავაგრძელებ სატრენერო საქმიანობას. გაფორმებულია სამწლიანი კონტრაქტი.

ჩემი მთავარი მიზანია განვითარება. აშშ მომცემს ამის შანსს იმიტომ, რომ ამერიკაში არიან ტოპ-ტრენერები, ტოპ-მოცეკვავეები, სადაც კონკურენცია მაღალია და ჩემს განვითარებაში ეს ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. როცა განვვითარდები, ჩემი სურვილია, თუკი მომეცემა ამის საშუალება, ჩამოვიდე ხოლმე საქართველოშიც და ხელი შევუწყო საქართველოში სამეჯლისო ცეკვების განვითარებას. ასევე მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ამერიკული სამეჯლისო ცეკვებშიც – მინდა, ჩემი სიტყვა ვთქვა. ბევრი მოცეკვავეა, რომელიც სამეჯლისო სპორტულ ცეკვებს ცეკვავს, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც შეუძლია ორი კულტურა გააერთიანოს – ქართული ფოლკლორული ცეკვებიდან რაღაც ელემენტები აიღოს და შეიტანოს სამეჯლისო ცეკვებში. მაგალითად, შეიძლება, რომ პასადობლეს ცეკვავდე და მთიულურის ელემენტები გამოიყენო. ასევე, შეიძლება აჭარულისა და ჯაივის გაერთიანება. მე ვიყენებდი ხოლმე ტურნირებზე – მქონდა ხოლმე სამწამიანი “ფიშკებივით” ჩართვა ქართული ცეკვის, რაც ძალიან დადებითად აისახებოდა ხოლმე თავად კომპოზიციაზე, მსაჯებისთვისაც სიახლე იყო.

და ბოლოს, ადამიანებს, რომლებიც არ არიან პროფესიონალი მოცეკვავეები, მაგრამ უყვართ ცეკვა, რას ეტყოდი?

– ადამიანებს, რომლებიც არ არიან პროფესიონალი მოცეკვავეები, მაგრამ უყვართ ცეკვა, უნდა იცეკვონ, რათა გათავისუფლდნენ. ჩართეთ მუსიკა და უბრალოდ იმოძრავეთ. ცეკვა არის რელაქსაციის ყველაზე კარგი საშუალება.

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....