საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვალერი გელაშვილი შინგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
გელაშვილის შეფასებით, მერაბიშვილმა, რომელმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა, “მორიგი დანაშაული ჩაიდინა”.
„ვანო მერაბიშვილი გამოვიდა და თავხედური განცხადებები გააკეთა, რომ ხელისუფლებას დაამხობს. ეს მორიგი დანაშაულია, რაზეც პასუხი უნდა აგოს. ეს განცხადება ყველამ მოისმინა და პროკურატურამ უნდა მიხედოს, რომ მან ასეთი თავხედური განცხადება არ უნდა გააკეთოს. ჯანდაბაში თავი ჰქონია, სადაც უნდა, იქ წავიდეს. ვანო მერაბიშვილი კრიმინალია, დამნაშავეა და მას მორალზე არ უნდა ველაპარაკოთ. მან ააწიოკა ბიზნესი და მის მორალზე ნუ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.