ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლგბტ თემის წევრის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საქმეზე, არც გამოძიებამ და არც თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა.
გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია ინციდენტს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს უწოდებს, ხოლო სასამართლომ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა, “მეტრონომი” საქმის დეტალების გასარკვევად, “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა.
ორგანიზაციის იურისტის და საქმეში ლგბტ თემის წევრის ადვოკატის, თამარ ზარქუას განცხადებით, გასული წლის 15 იანვარს “თანასწორობის მოძრაობას” მიმართა თემის წევრმა, გ.ზ-მ, რომელიც ამბობდა, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა იმ დროს, როდესაც იგი თავისი ველოსიპედით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
“გ.ზ აცხადებდა, რომ მოძრაობისას მხარზე უცხო მანქანიდან ნასროლი სიგარეტის კოლოფი მოხვდა, რის შემდეგაც მან უცნობ მამაკაცს მიუთითა, რომ ქუჩაში ნაგავი არ დაეყარა. ამას მამაკაცის მხრიდან აგრესია მოჰყვა. მისი ყურადღება გ.ზ.-ს საყურემ მიიქცია. „შენნაირმა პიდარასტმა როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა”, – ასე მიმართა მამაკაცმა გ.ზ-ს სიტყვიერი დაპირისპირებისას.
მამაკაცი ცდილობდა, გ.ზ.-სთვის დაერტყა. გ.ზ.-მ, თავდაპირველად, მოახერხა მისი მოგერიება დარტყმით, ხოლო შემდეგ აღნიშნული მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა”, – ამბობს ზარქუა, რომლის ინფორმაციითაც, ორივე პირის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობას მუხლით გამოძიება ცალ-ცალკე წარიმართა.
როგორც ადვოკატი “მეტრონომს” ეუბნება, ის და მასთან ერთად, ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტი და ამასთანვე, გ.ზ-ს ადვოკატი თემურ საბელაშვილი აყენებდნენ შუამდგომლობას, ინციდენტში მონაწილე მეორე პირის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში გ.ზ.-ს მიმართ სიძულვილის მოტივი გამოკვეთილიყო.
“ჩვენ სასამართლო პროცესებზე ასევე ვუთითებდით, რომ გ.ზ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ამიტომ დაარტყა თავდამსხმელს. მიმაჩნია, რომ გამომძიებელმა ლგბტ თემის წევრის ჩვენება არ გაითვალისწინა, რის გამოც, გამოძიება წარიმართა არასწორად. შედეგად კი, სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა, არც გამოძიებისა და ბრალის წარდგენის ეტაპზე და არც სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის დროს. ყოველივე ამის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს გამოიტანა განაჩენი, რომლითაც გ.ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ 126-ე მუხლით და 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ინციდენტში მონაწილე მეორე პირი დაზარალებულად სცნეს.
რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ცალკე წარმოებული საქმის პირობებში, მას ერთი წლის წინ სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა, გ.ზ. კი, დაზარალებულად იქნა ცნობილი”, – უთხრა “მეტრონომს” თამარ ზარქუამ.
ადვოკატის თქმითვე, გ.ზ-ს გამამტყუნებელ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.