ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის დეპუტატების სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს არ დაესწრნენ. შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხოლოდ უმრავლესობამ უყრა კენჭი.
პროტესტის ნიშნად, ოპოზიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. მათ შოთაძის დაბრუნება გააპროტესტეს და აცხადებდნენ, რომ ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.
გენპროკურორის კანდიდატს დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. ის საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის პოსტზე მთავარ კანდიდატად ფარული კენჭისყრის შედეგად 7 თებერვა;ს აირჩია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.