ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან

შოთაძე

დღეს გენერალური პროკურორის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი კენჭისყრის მიხედვით გადაწყდება, დაბრუნდება თუ არა ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე. სხდომა 12;00 საათზეა ჩანიშნული.

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ.

პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზოციის წარმომადგენლები უკვე მობილიზებულები არიან და აქციის დასაწყებად ემზადებიან.

გენპროკურორის კანდიდატს დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. სხდომის დაწყებამდე კი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება გააპროტესტეს. მათ შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. ამასთან, მოსმენის ფონზე პარლამენტის გარეთ სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია. საბჭოს 12 წევრიდან მას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

იტვირთბა....