ახალი ამბები მთავარი სამართალი

„რასაც 21 თებერვალს წარვადგენ, ეს იქნება დიაგნოზი, რა მოხდა ხორავაზე და მიხეილ კალანდია უნდა გათავისუფლდეს“ – ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ 21 თებერვალს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს.

ამის შესახებ ადვოკატმა  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თოდუა აღნიშნავს, საქმის გაჭიანურებაში ხელისუფლებაა დამნაშავე და საქმე კომპეტენტური ორგანოებს რომ გამოეძიებინა, ყველა კითხვას პასუხი აქამდეც  გაეცემოდა.

„სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მოსმენა დამთავრდა. პროკურატურამ ყველა მტკიცებულების წარმოდგენა დაასრულა, ასევე დაცვის მხარემაც. 21 თებერვალს დასკვნითი ეტაპი გვაქვს, როდესაც დაცვამ აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინოს.

ამ საქმის ამ კონდიციამდე მიყვანაში, ასეთ გართულებაში, ცუდ შედეგებამდე მიყვანაში პირველ რიგში, ხელისუფლებას ვადანაშაულებ. ეს საქმე თავის დროზე რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიებულიყო, ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა და დაინტერესებულ პირებს, მით უფრო ზაზა სარალიძეს არ ექნებოდა იმდენი კითხვა, რისი საფუძველიც მას არაკომპეტენტურმა ორგანოებმა მისცეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების წუთიდან გამომძიებელი სრულიად არაკომპეტენტური აღმოჩნდა”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მათ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ.

მისივე თქმით, რასაც 21 თებერვალს წარადგენს, „ეს იქნება ზუსტი ანალიზი, ზუსტი დიაგნოზი იმის, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე“.

„ობიექტური მოსამართლე, იმას, რასაც 21 თებერვალს წავიკითხავ, წერტილსა და მძიმესაც ვერ შეუცვლის, რამეთუ ეს იქნება ზუსტი ანალიზი, ზუსტი დიაგნოზი იმის, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. ხორავას ქუჩის საქმე სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკურად. ამ კონფლიქტს არავითარი კავშირი არ აქვს 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ბულინგთან, ეს ბულინგი იქვე ამოიწურა და სრულიად ახალი კონფლიქტი წარმოიშვა. სხვათა შორის, მოწმეთა ჩვენებებით მოვახდინე ამ ფაქტების მოდელირება და ძალიან მაღალი ხარისხის მოდელირებაა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობ.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მან უნდა გააგრძელოს იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების მიღება. იგი თავის დროზე ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება, რომელიც ხელისულების არანაირ დაკვეთას არ შეასრულებს“,-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.

 

 

იტვირთბა....