უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში ისაუბრა და განცხადა, რომ როდესაც პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი იყო, სურდა „ოსკარი“ მიეღო და ამერიკაში პოპულარული გამხდარიყო.
მოახდინა თუ არა იმპიჩმენტის პროცედურამ აშშ-უკრაინის ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა, კითხვაზე ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან და ამისთვის მან ტრამპს მადლობა გადაუხადა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-სა და უბრალო ადამიანებს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ომი გვაქვს. დიდი მადლობა დახმარებისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ჩვენ ამას მთელი გულით და სხეულით ვგრძნობთ,“- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უარყო დონალდ ტრამპის ბრალდება, უკრაინის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინას სურს ამ იმიჯის შეცვლა და ეს ამერიკის პრეზიდენტსაც უთხრა.
„ეს სიმართლე არაა. როდესაც პრეზიდენტ ტრამპს შევხვდი და მითხრა, რომ წინა წლებში უკრაინა კორუმპირებული ქვეყანა იყო, მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი, რომ ჩვენ კორუფციას ყოველ დღე ვებრძვით. გთხოვთ, აღარ თქვათ, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, რადგან ეს სიმართლე არაა, ჩვენ გვსურს ამ იმიჯის შეცვლა,“- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, აღნიშნულ ინტერვიუში, რუსეთზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ომი არა უკრაინაში, არამედ ევროპაში მიმდინარეობს.
როგორც ზელენსკი ამბობს, უკრაინას არ სურს კონფლიქტის ესკალაცია, რომელსაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ეწირება.
„მაქვს შინაგანი გრძნობა, და ეს გრძნობა ეფუძნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ. თუმცა, არ ვიცი, ამისთვის რა დრო დაგვჭირდება,“- განაცხადა ზელენსკიმ.