უბისაში, ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის საამქროში, სადაც გუშინ კონსტრუქცია ჩამოიშალა და სამი თანამშრომელი დაშავდა, შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, მუშაობა შეჩერდა. ობიექტზე სამუშაო პროცესი შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით შეაჩერეს.
შრომის ინსპექტორის, ირაკლი იობიძის თქმით, სამშენებლო ობიექტზე შეზღუდვა მოკვლევის დასრულებამდე გაგრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დარღვევები იყო ადგილზე.
„მიმდინარეობს მოკვლევა. ვიდრე სამუშაო პროცესი დასრულდება, აღნიშნულ ობიექტზე მუშაობა შეჩერებულია. ჩამოიშალა ანგარი. რამ გამოიწვია და იყო თუ არა დარღვევები, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ“, – განაცხადა შრომის ინსპექტორმა, ირაკლი იობიძემ.
შეგახსენებთ, უბისაში რკინის საამქრო გუშინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.