“ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ აჭარის ტელევიზიის დამორჩილების ვერაგული გეგმა ბოლო ფაზაში შევიდა.
ახვლედიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქვეყნისთვის ეს უკიდურესად სახიფათო პროცესი და არ გაბედოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კრიტიკულად მოაზროვნე სარედაქციო ჯგუფის საქმიანობის შეფერხება.
“ივანიშვილის მიერ აჭარის ტელევიზიის დამორჩილების ვერაგული გეგმა ბოლო ფაზაში შევიდა დღეს საქართველოს ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა სხვა არაერთ საკვანძო საკითხთან ერთად, პირდაპირაა დამოკიდებული აჭარის ტელევიზიის დაბალანსებული, კრიტიკული და სახელმწიფოებრივად გამართული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე!
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქვეყნისთვის ეს უკიდურესად სახიფათო პროცესი და არ გაბედოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კრიტიკულად მოაზროვნე სარედაქციო ჯგუფის საქმიანობის შეფერხება!
მოვუწოდებ შეერთებული შტატების, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების, ევროპის საბჭოს და ეუთოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს, სასწრაფოდ განახორციელონ ყველა პრევენციული ზომა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ხელისუფლების უხეში ჩარევის აღსაკვეთად!
მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას და, უპირველესად, აჭარის მკვიდრთ, ყველა სამართლებრივი გზით დავიცვათ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჟურნალისტთა კონსტიტუციური უფლებები!
აჭარის ტელევიზიის დამონებით “ოცნება” დაუფარავ ომს უცხადებს საქართველოს სწორი განვითარების პერსპექტივას!
გავერთიანდეთ და არ დავუშვათ ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება!” – წერს არმაზ ახვლედიანი.