“ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თბილისში, მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება ღონისძიება, პარტნიორებთან ერთად მოხდება.
„თავმჯდომარეობის ფარგლებში გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი უზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს არის დადგენილი პრაქტიკა და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.
ბატონ ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა აქ არაფერს არ ცვლის. ჩვენ კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას თუ მის წარმომადგენლობს – მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი. რაც შეეხება ამ ღონისძიების ჩატარებას, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ამბობს თალაკვაძე.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში მიმდინარე წლის მაისშია დეგეგმილი.