“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში “დღის ამბებში” ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.
ოხანაშვილმა ამის მიზეზად ჩიხლაძის ის გადაცემა დაასახელა, სადაც ჟურნალისტმა სტუმრად ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც დეპუტატს ოჯასის წევრების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, ჩივილი ჟურალისტური ეთიკის ქარტიაში არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის?”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა
დიანა ტრაპაიძემ დეპუტატს მოუწოდა, ჩიხლაძეს ჟურნალისტური ეთიკის უჩივლოს, სადაც უკეთ იციან ჟურნალისტური სტანდარტები.
“ნახეთ, როგორ სწორად ინტერპრეტირებთ. როგორ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. ეს ძალიან სამწუხაროა. ადამიანს მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია, სადაც არ უნდა უჩივლო, ის ნათქვამს ვერ მიხვდება”, – უპასუხა ოხანაშვილმა.