პარლამენტის წევრმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნებადე მშვიდი პერიოდი არ იქნება.
მისი განცხადებით, პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი იყო, საფრთხის წინაშე დგას.
„მე მგონი მოლაპარაკებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაუნდებად მიმდინარეობდა, პერსპექტივა აქვს ძალიან ნაკლები. იქიდან გამომდინარე რომ ბატონი უგულავას დაპატიმრება, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ოპოზიციისთვის და მათი არგუმენტები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი, ეს არის ისეთი არგუმენტი, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლას მათი მხრიდან უფრო მაღალი ალბათობით, შესაძლებელს ხდის“,- განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურის თქმით, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს, რომ არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.
„მე, რასაც ვხედავ, რა პოლიტიკიური პროცესებიც მიდის ქვეყანაში, მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე ჩვენ არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს, იმიტომ, რომ საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრება ამ წუთას არის სრულიად არასტაბილური და ნამდვილად წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდება. დაძაბულობის პიკი როგორი იქნება. ძალიან დაიძაბა ვითარება და ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგას. ოპოზიციის პოზიციები მას შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების თემა ჩავარდა, არის გაძლიერებული და ხელისუფლების პოზიციები შესუსტებულია. ყველას ვალია, მათ შორის ოპოზიციის, ხელისუფლებისაც, რომ როგორმე სიტუაციის დამშვიდებისკენ გადაიდგას ნაბიჯები“, – განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა.