“ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა!” – ასეთია ამ ქვეყნის მმართველი წრეების ცხოვრებისადმი ზოგადი დამოკიდებულება და შესაბამისად სახელმწიფოსადმი მათი კონკრეტული მიდგომებიც … სახელმწიფოსადმი მიდგომები, რომელთაგან ყველაზე მთავარიც პირველ რიგში მასში მცხოვრები ადამიანების კეთილმოწყობის უზრუნველყოფა უნდა იყოს და როგორც წესი ზედაპირული დამოკიდებულების საგანი ხდება ხოლმე.
ამ ხალხისთვის ერთნაირად სულერთია ეს ქვეყანა აყვავდება თუ აოხრდება!.. კაცობრიობის ავანგარდში იდგება, თუ კუდში იჩანჩალებს… საერთოდ იქნება თუ არა, ქვა მართლაც დარჩება თუ არა, ესეც სულერთია!..
ამ ადამიანებს, უკლებლივ ყველას, ვინც თავს ვერ აღწევს იმ დიდ “ჯიბე-ხაფანგს”, რომელშიც ჩავარდნენ და ასეთად მათ და საუბედუროდ ვერ აღიქვამენ, სინამდვილეში არც საკუთარი შვილები უყვართ… უფრო სწორად სიყვარულის “ჰორიზონტი” აქვთ ლამის ხელის გაწვდენამდე გადმოწეული და შესაბამისად შვილების მათეული სიყვარულიც ისეთი მოკლე, მწირი, უშინაარსო და ძუძუმწოვრულია, რომ მართლაც “ამათ და მათ შვილებს ეყოფათ, ესენი მოასწრებენ და მერე ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა” განწყობას ვერ სცდება.
თავიანთი ისტორიამდელი წინაპრებივით ესენიც შემგროვებლები არიან… გამოქვაბულებიდან პენტჰაუსებში გადმოსახლებული შემგროვებლები, რომელთა პრიორიტეტთა შორის უპირველესიც რაც შეიძლება მეტი ნივთის და ასეთთან მეტ-ნაკლებად ასოცირებულის საკუთარი აბრის ქვეშ მოქცევაა… მეტი პირველი კლასის ბილეთის, მეტი ცხენების და ცხენის ძალების, მეტი სექსის, მეტი იშვიათი წიაღისეულის, მეტი ტკბილეულის და მჟავეულისაც… მოკლედ მეტი ყველაფრის სახურავებქვეშ და ბოქლომებსუკან შეყრა და შემდეგი ორი თაობისთვის გადაბარებაა…
ამ ქვეყანას მისი ისტორიის გზაზე და განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე უფრო დიდი დაბრკოლება, ვიდრე დღევანდელი მმართველი ძალაა, შეიძლება ბევრჯერ შემოხვედრია, მაგრამ დღეს ეს დაბრკოლება სულ სხვა სიმძაფრით აღიქმება… სხვა სისწრაფეებია დღეს!.. გუშინ განვითარების მეტ-ნაკლებად ერთ ნიშნულზე მდგომი საქართველო და დავუშვათ ესტონეთი, დღეს არსებობას ლამის სხვადასხვა პლანეტებზე განვაგრძობთ და ვითარება ასოთხმოცი გრადუსით თუ არ შემოვატრიალეთ, განვითარებებს შორის წარმოქმნილი უფსკრულის ეს სიგანე კიდევ უფრო გაიზრდება… უფსკრული კიდევ უფრო გაიზრდება და ნელ-ნელა გადავიქცევით იმად, რასაც ნაწილობრივ უკვე წავგავართ კიდეც – განვითარებული სამყაროს მომსახურე პერსონალად გადავიქცევით და დამნაშავე ამაში მხოლოდ ჩვენ ვიქნებით… ჩვენ, ვინც ამ ქვეყნის მართვა შემგროვებლებს ვანდეთ, ადამიანებს, რომლებისთვისაც “ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა” ცხოვრების მთავარი და ერთადერთი კრედოა.
ვასო შონია