ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით” – ჯაფარიძე უგულავას დაკავებაზე

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გიგი უგულავას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნილები გვყავს და ამას ზუსტად აფასებს დასავლეთი

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შემდგომში დაკავებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი მისი ჩათვლით, მათ შორის მამუკა ხაზარაძეც და ნიკა მელიაც.

„გიგი უგულავას საქმე არის ცალსახად პოლიტიკური, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დევნა არის პოლიტიკური ხასიათის, ივანიშვილი ცდილობს მოიცილოს პოლიტიკური ლიდერები ერთი მხრივ და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში და შექმნას დაპირისპირება ორ პოლუსს შორის. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც ის თამაშობს ამ ქვეყანაში რამდენიმე წელია და ჰგონია რომ ამჯერადაც გამოუვა. რაც შეეხება დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკას ეს კრიტიკა გაგრძელდება, ცხადია, ისინი ხედავენ და ობიექტურად აფასებენ რეალობას რაც ქვეყანაში არის. კარგია, რომ შეეშვნენ დიპლომატიურ ენას და პირდაპირ, ღია ტექსტებით გველაპარაკებიან ამას ჩემი აზრით ,მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოში მოსახლეობის განწყობაზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, უკვე გვყავს მინიმუმ სამი პოლიტიკური პატიმარი ეს არის: გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნებისმიერი შეიძლება იყოს. სამი პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ ხუთი ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკური დევნილები გვყავს ქვეყანაში და ამას ზუსტად ასე აფასებს დასავლეთი,“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის აზრით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებმა ყოველგვარი შინაარსი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....