ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – “თბილისი ენერჯი”

ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ “თბილისი ენერჯი” აცხადებს.

კომპანიის ცნობით, სწრაფი რეაგირების სამსახურს, ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაცია მიაწოდა, რომ ქუჩაზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

„თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. 114-ის სპეციალისტებმა მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა, რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მეზობელი სახლები. რამდენიმე ბინაში ასევე დაფიქსირდა გაზის მაღალი კონცენტრაცია. სპეციალისტების მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგაყვანილობა სრულად შემოწმდა“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, რომ სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

„ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. შეგახსენებთ, რომ კანონით საცხოვრებელ ფართში გაზგაყვანილობის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელია აბონენტი“, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....