საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს. ამის შესახებ თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სახელმწიფო დეპარტამენტთან ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც აქვს დაგეგმილი ჩვენს ხელისუფლებას, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი, საიმედო პარტნიორი ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს მომავალშიც. მოგეხსენებათ, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკვე გამოიჩინა ამ პროექტის მიმართ, ის გამყარებულია კონსტიტუციით და მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. ამის გარდა, არის მთელი რიგი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. იცით, რომ ფოთშიც, ბათუმშიც ამერიკული მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება. მე მექნება შეხვედრები ინვესტორებთანაც და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების რეიტინგი არის სათანადოდ დანახული და შეფასებული საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისა და ინვესტორების მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
არჩილ თალაკვაძის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა და ნდობა. აქ არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას, ეკონომიკის გაძლიერებას. უსაფრთხოების სფეროში ვრჩებით აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შევხვედროდით ჩვენს კოლეგებს კონგრესში, გვესაუბრა მათთან. მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენს ურთიერთობებს ძალიან დაეხმარება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულებისას.