“რატომ ვერ გავამართლე თქვენი იმედები” – ამ სათაურით ჩიორა თაქთაქიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც იმ მიზეზებს ასახელებს, თუ რატომ გადაწყვიტა, დატოვოს “ნაციონალური მოძრაობა”.
“ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას”, – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
მისივე თქმით, იგი წარმატებას უსურვებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად “უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გულშემატკივრებსა და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს”.
“დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.
მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.
ძალიან მიხარია, რომ ამ ხნის განმავლობაში პატარა წვლილი შევიტანე იმაში, რომ თავი არ დავუხარეთ რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ, არაერთ საერთაშორისო ფორუმზე, ჩემს კოლეგებთან ერთად, წარმატებით გავუმკლავდით რუსეთის უპრეცედენტო მობილიზაციას. ძალიან ვამაყობ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში, როგორც რიგითმა საჯარო მოსამსახურემ, ჩემი თვალით ვნახე, რა არის სახელმწიფოს შენება, როგორ შეუძლიათ გულანთებულ, განათლებულ, პატიოსან ადამიანებს ერთად მუშაობა 24/7-ზე რეჟიმით იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნონ არა, როგორც ყველაზე კორუმპირებული ან კრიმინალური ქვეყანა, არამედ, როგორც N1 რეფორმატორი. იმითაც ძალიან ვამაყობ, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის და ბედუკაძის კადრებით გამოწვეული ისტერიის ფონზე, უამრავი შეურაცხყოფის, ძალადობის და ორკესტრირებული სიძულვილის კამპანიის მიუხედავად, თქვენთან ერთად, ხმას ვიმაღლებდი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან გაგვერჩია. გვეყო გამბედაობა, რომ იმხანად პოპულარული მწვანილის რუსეთში გატანის და რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკის საპირწონედ, ღიად გვემხილებინა ბიძინა ივანიშვილის პრო-რუსული და კრიმინალური მმართველობა საქართველოშიც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთანაც”, – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქზე.
“რა მაწუხებს?
პირველ რიგში, მაწუხებს ის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა.
რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ „ბოლო ჟამის“ მიმდევრები, ამ რეალობას მაინც ვერაფერს დააკლებენ.
სად არის გამოსავალი?
2020 წელს მთავარია ივანიშვილის კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. თუ ეს 2020 წელს არ მოხდება, თითოეულ ჩვენთაგანს უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს ამ მარცხისთვის. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო დებატის გახსნა: რატომ ვართ არსებული პოლიტიკური სპექტრის მძევლები? რა არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ან ვინმე სხვა ხვალაც არ მოისყიდის ჩვენს რჩეულ პარტიებს და მათ ლიდერებს? რა არის იმის გარანტია, რომ სხვაც ივანიშვილივით აბუჩად არ აიგდებს თავის ამომრჩეველს, მე როდის დაგპირდით საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასო? რა არის იმის გარანტია, რომ თქვენს მიერ არჩეული პარტიები და ცალკეული ლიდერები ისევ ისე არ მოიპარავენ თქვენი ბრძოლით მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს, როგორც ეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს 2016 წელს?
სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შიდა დემოკრატიაზე, მერიტოკრატიაზე და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, მათი კრიტიკის მოსმენაზე, როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს? ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება 3 წლის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის, რაც თავისთავად დიდი გარდატეხის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ არცერთი პარტიის მართვაში. ყრილობები, დაპირებები, ფორმალური არჩევნები, სიები წინასწარ ცნობილი შედეგებით.
საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერი და ძლიერი ლიდერი გამოჩნდება სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარტიების შიდადემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დამკვიდებას თავის ღია პოლიტიკურ ამოცანად დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს”, – ნათქვამია ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.