პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის მის მომზადებულ დასკვნაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის პროექტი არაკონსტიტუციურია.
როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს,ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით
„ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იგი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები. შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის წინასწარ ვიყავით მზად და ახლაც ვადასტურებ, რომ ამისთვის მზად ვართ“,-აცხადებს უსუფაშვილი.
ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.