თბილისის საკრებულოს ბრალდებულ წევრს ილია ჯიშკარიანს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნა.
გადაწყვეტილება მოსამართლე, ილია ორკოდაშვილმა გამოიტანა და ამით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, ხვალიდან ჯიშკარიანს შეეძლება საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.
“ერთი ადამიანი არ მოვა, რომელიც იტყვის, ვერც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, რომ თამთა თოდაძეს იცნობს და ის ნორმალური, დალაგებული, ზრდილობიანი, ადეკვატური და ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანია და მას არ სურს, იყოს ძალიან ცნობადი, იგი არ ამეტებს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. ის, რაც გააკეთა ილია ჯიშკარიანის მიმართ ანალოგიური გააკეთა სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც,” – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე, თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ და თქვა, რომ თოდაძის არაადეკვატურობით აპელირებასთან ერთად ჩნდება კითხვა, რატომ ჩააბარეს მას ისეთი საპასუხისმგებლო საქმე, როგორიც სოციალური ქსელების მართვაა.
“თუ არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო ის ადამიანი, მაშინ როგორ ანდეს არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს სოციალური ქსელების გამართული მუშაობა. მაგალითად, თამთა თოდაძე იყო Facebook-ის გვერდის ადმინისტრატორი, ის იყო პასუხისმგებელი ილია ჯიშკარიანის მოსახლეობასთან ყველა შეხვედრის გაშუქებაზე,”-განაცხადა თამარ ლუკავამ.