აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს 8 თვის განმავლობაში არხს ხელმძღვანელობდა, მაუწყებელს ტოვებს. ამის შესახებ ნათია ზოიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:
“ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია.
1. იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება;
2. ჩემი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა;
3. გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ მივიღე 2019 წლის 16 დეკემბერს, როცა ჩემი შრომითი უფლებები შეიცვალა;
4. აქამდე იმიტომ დავრჩი, რომ არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებებს მომავალი წლიდან მათ. ამ ეტაპზე, ერთის გარდა (ნათია შავაძე), ყველასთან გააგრძელეს ხელშეკრულება. ის ერთიც უპატიებელია.
5. ჩემი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ;
6. კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას;
7. აღარ შევეხები მრჩეველთა საბჭოს ცალკეულ წევრებს,სისტემის მსახურებზე დროის კარგვა არ ღირს;
8. იმედი მაქვს, არხიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელი დროებით მაინც გათავისუფლდება ზეწოლისა და წნეხისგან;
9. არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიაზე რაც ხდებოდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური პროცესი;
10. ბატონ კოხრეიძეს ვუჩივლე და ამ ამბავს ბოლომდე მივყვები. გამოძიებას ვენდობი-მეთქი რომ ვთქვა, გულუბრყვილო ვიქნები;
11. სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება.
თავისუფლებაში გატარებული 10 თვეს კი არა, ერთ საათსაც მნიშვნელობა აქვს. დღესაც რომ მისაღები მქონდეს ეს გადაწყვეტილება, მაინც შევიდოდი ამ ომში. მოკლედ, არაფერს არ ვნანობ და წარმატებები ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელებიც ამ არხზე დარჩნენ და მუშაობენ. ამ არხზე ჟურნალისტიკა დღეს კიდევ თუ კეთდება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. თანამშრომლებისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, გავაანალიზეთ და შევთანხმდით.
მაინტერესებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. მგონია, რომ თავს ყოველთვის გაიმართლებენ. აღიარებას სხვა ძალა სჭირდება.
მივდივარ ბათუმიდან. სენტიმენტებით არ შეგაწყენთ თავს. სავარაუდოდ გაქვთ კითხვა: სად გავაგრძელებ მუშაობას?
აქაც გადამწყვეტი არხის თავიუფლება იყო, კონსულტაციები უკვე მქონდა, გავეცანი ჩემს მომავალ სამუშაოს აღწერილობას, ბიუროკრატიის მოწესრიგების შემდეგ მუშაობას ტვ პირველზე გავაგრძელებ – ბათუმში „გრიგოლიას არხს“ რომ ეძახით აი იქ) „ღამის ამბების“ თანამშრომელი ვიქნები. „ღამის ამბები“ მიჰყავს თამარ ჩიხლაძეს ,ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე”, – წერს ნათია ზოიძე სოციალურ ქსელში.