მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია „უთხარი აზარტულ თამაშებს არა, #სანდრიკასთვის“ გაიმართეს.
აქციის ორგანიზატორები “პირველი არხის გარდაცვლილი” ოპერატორის, სანდრო ბერაძის ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა აზარტული თამაშების წინააღმდეგ რეგულაციების დაწესებაა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ სანდრიკას ოჯახის წევრები და მეგობრები, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლუდომანია აღიარა დაავადებად. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენთან მოხდეს ადამიანების მკურნალობა და ისინი არ გავრიყოთ, არამედ დავეხმაროთ ამ სენის დამარცხებაში. არ არის არანაირი რეგულაცია, ელემენტარულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭრელებულია სხვადასხვა აზარტული თამაშის რეკლამებით. აუცილებელია, მოექცეს რეგულაციებში, რომ არ დაიღუპონ სხვებიც და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ, ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლების დახმარებას, რომ მოხდეს რეგულირება“, – განაცხადა გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის ძმამ, გიორგი ბერაძემ.