ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოში არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საეკლესიო სასამართლო შეიქმნას.
მისი თქმით ამ სასამართლოში დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.
“მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერება, როგორც თვითონ განმარტეს, რომ პატრიარქი იყო ქალაქგარეთ, მაგრამ შეათანხმეს, ეს არის მორიგი უსამართლობა, უკანონობა და უხეში კანონდარღვევა. გაცხადდა, თუ რამდენად აიგნორებს რჯულის კანონს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მმართველი ორგანოა საქართველოს ეკლესიის.
ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი უწესრიგობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე. უარესდება მდგომარეობა და ეკლესიის ავტორიტეტზე ეს აისახება ნეგატიურად.
ერთადერთი გამოსავალი არის, რომ საზოგადოება მიხვდეს და ვაიძულოთ ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა, რომ ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო, რომლის ფუნქციაც მითვისებული აქვს სინოდს, მაგრამ არასდროს საეკლესიო სამართლის ფორმატით არც ერთი საკითხი, რაც მე სინოდის წევრი ვარ, 2002 წლიდან არ განხილულა და დღემდე კანონს მაღლა ხელმწიფების დამოკიდებულებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რაც არის შერჩევითი სამართალი და ფარისევლობა” – განაცხადა მეუფემ.