საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს თვითონ ადგილზე არ ყოფილა, თუმცა ენდობა თანამშრომლებს და აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის საძინებელში ხელყუმბარა ნამდვილად იყო. გოგაშვილმა ასევე, ისაუბრა სპეცრაზმელის სამსახურეობრივ მოვალეობებზე და განმარტა, რომ მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება კონკრეტულ სიტუაციაში მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყონ საკუთარი თავის და თანამშრომლების უსაფრთხოება – აღნიშნული განცხადება, გოგაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გააკეთა.
„დავუშვათ, არ იყო ხელყუმბარა, მოდი მოვახდინოთ მოდელირება – შედის სპეცრაზმელი და ეუბნება, მაჩვენე ხელები, ის იწყებს რაღაც მოძრაობებს, სპეცრაზმელს იმ წუთას აქვს ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მან უნდა უზრუნველყოს საკუთარი თავისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება.
ხელყუმბარა ნამდვილად იყო საძინებელში. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვენდობი იქ მყოფ თანამშრომლებს. იქ იყვნენ როგორც სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისე კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვის თანამშრომლები, რომლებმაც ეს ყველაფერი ნახეს. ამის შემდეგ ჩაერთო პროკურატურა და ამოღება გაკეთდა ხელმყუმბარის. ხელყუმბარაზეც იყო დნმ-ის ანაბეჭდები, სისხლის კვალიც და თითის ანაბეჭდებიც. სისხლი ეკუთვნოდა მაშინ დაჭრილს და შემდეგ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს. ამოვიდა დნმ და ამით მოხერხდა იდენტიფიცირება და ამოვიდა თითის ანაბჭდები, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩათვალა. ფაქტი სახეზეა და დევს ექსპერტის დასკვნები.
პროკურატურამ გამოძიება ჩაატარა, დაკითხა ათობით ადამიანი. ათასი ტყუილი მოიგონეს, თითქოს მისამართი შეგვეშალა. ორი წელია მიდის საუბარი, რომ სხვაგან უნდა შესულიყვნენ და შეეშალათ მისამართიო. არ შეგვშლია და სასამართლოს განჩინება იყო დაკავებაზე. მეორე ტყუილი, რომ თითქოს ეძინა, ტელეფონი ჩართული იყო, ეღვიძა და იყო ჩაცმული და მიდიოდა მეჩეთში ვიღაცას უნდა შეხვედროდა. მესამე ტყუილი რომ იქ ვიყავი. თქვენ მნახეთ პირადად და არ ვგავარ ხომ შავგვრემანს და დაბალს? ესე აღმწერდნენ და არ ვარ მგონი ასეთი. თავის უბედურებას სხვას ნუ აბრალებენ, თავის ოჯახს შვილი თავად წაართვა, როცა ამ ტერორისტულ ჯგუფს დააკავშირა“,- აღნიშნა გოგაშვილმა.
როგორც გოგაშვილი აღნიშნავს, პანკისი კახეთის შემადგენელია და იქ მცხოვრებნი ჩვენი მოქალაქეები არიან, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, თუ როგორ მოექცნენ ქისტებს დაუშვებელია.
„თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებაში იყო ორი მიმართულებით გამოძიება, რომელიც შეწყდა გარდაცვალების გამო, იარაღის უკანონო შეძენა, რომელიც უკავშირდება ხელყუმბარას. მეორე იყო ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა და მონაწილეობა. მტკიცებულებები იყო საბანკო ანგარიშები, რომლებზეც ირიცხებოდა თანხა. ფეროვა და არცუევა რიცხავდნენ ფულებს. ესენი არიან ქალბატონები, რომლებიც ერთი არის ჩატაევის ოჯახის წევრი და მეორე არის ადაშევის ოჯახის წევრი, რომელიც ლიკვიდირებული იქნა. ირიცხებოდა ეს თანხები, მაგრამ მხოლოდ მაჩალიკაშვილის სახელზე არ იყო ანგარიშები, ეს ანგარიში იყო რამდენიმე წევრზე გახსნილი და რა თქმა უნდა, ერთ ანგარიშზე არ ირიცხებოდა მთელი თანხა, რადგან თავს არ გაიშიფრავდნენ, საკუთარ უსაფრთხოებას უფრთხილდებოდნენ. ირიცხებოდა 200, 500, 800 აშშ დოლარი და სხვა თანხები, რომელიც მთლიანობაში დიდ თანხას წარმოადგენდა, თუმცა მათ თანამზრახველები ჰყავდათ და ჩანაწერში, სადაც აბუჯიხადი ესაუბრება ჩატაევს, იქ ჩანს, რომ მომინახე ადამიანები, რადგან მაქვს ფული, ვისაც ჩავურიცხავო. სამწუხაროდ, ამ ტერაქტში ჩეჩნებთან ერთად ქართველებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ჩეჩენი იქნებოდა თუ ქართველი. ტერორისტს ეროვნება არ აქვს.
აქ სპეკულაციებს მოვკარი ყური „ნაცმოძრაობიდან“, რომ ქისტებს ასე მოექცნენო. ეს არის დაუშვებელი. პანკისი კახეთის შემადგენელია და ჩვენი მოქალაქეები არიან. არაფრით ვარჩევ სხვებისგან. ანალოგიურად დაგვიკავებია ჩვენ აჭარლები, იმერლები და კახელებიც. იგივე, შავაძეს ვაკავებდით სიღნაღში, რომელიც იქ ცხოვრობს და ეს რომ მომხდარიყო იმერეთში ან კახეთში, ანუ ამ კუთხის წარმომადგენელი აყვანის დროს ლიკვიდირებული ყოფილიყო, იმერლები უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ, აი იმერლები დაგვჩაგრესო? მაშინ რა ვთქვათ ჩვენ გმირ სპეცრაზმელ ვანო გოლაშვილზე? ჩეჩნებმა და ქისტებმა მოგვიკლესო? არ ვამბობთ ამას, გმირი ვანო გოლაშვილი მოგვიკლეს ტერორისტებმა და არა რომელიმე კუთხის წარმომადგენელმა“,- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.