ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ჩვენი კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ვალდებულებებს ვასრულებთ” – გახარია ლავროვის ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში, თბილისში გაიმართება განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღება.

„საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, ეს ერთი და მეორე, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახლავთ და სამწუხაროდ, ესეც ფაქტია, რომ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრის სტატუსი. ახლა უკან დავბრუნდეთ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავის, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება“, – აცხადებს გახარია.

კითხვაზე, მთავრობა ეძებს თუ არა შუალედურ ვარიანტს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის, პრემიერი ასე პასუხობს: „მე არაფერს ვეძებ. ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით და თუ ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მაისში  საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

იტვირთბა....