დაზვერვის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი და გერმანიაში საქართველოს მომავალი ელჩი, ლევან იზორია, თავის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე ამბობს, რომ პოლიციას მისი ძმის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა და ამიტომ გაათავისუფლეს. აღნიშნული განცხადება იზორიამ “Post tv”-ის ეთერში გაავრცელა.
მისი თქმით, პოლიციელმა ხელი შეუწყო აგრესიის ფორმირებას და მიიღო ის, რაც მიიღო, თუმცა ვერ მიიღო ის, რაც უნდა მიეღო, კერძოდ, ფიზიკური და მისი პირადი შეურაცხყოფა.
“მას ჰქონდა თხოვნა და მოწოდება, ყოფილიყვნენ უფრო კორექტულები. თუმცა, [პოლიციელმა] ხელი შეუწყო აგრესიის ფორმირებაში, ისედაც ემოციით დამუხტული კაცი უფრო დამუხტა და მიიღო ის, რაც მიიღო, თუმცა ვერ მიიღო ის, რაც უნდა მიეღო, კერძიოდ, ფიზიკური და მისი პირადი შეურაცხყოფა… რომ ამბობს “გიჟია”, ამაში დიდ კრიმინალს და დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ.
ბორკილების დადებას მოჰყვა ემოციური მუხტი, განარიდეს ადგილიდან… არავითარი ჩემი ჩარევა, სხვისი ჩარევა. როცა დაკავების საფუძველი არ არსებობს და ბორკილდადებული გყავს ადამიანი, უნდა იმოქმედო კანონის შესაბამისად, არავის ჩარევა არ ყოფილა. არავითარი საფუძველი არ ყოფილა დაკავების და, რა თქმა უნდა, გაუშვეს.
ჩემი ძმა სრულწლოვანი ადამიანია, ჩემი ძმის ქმედებაზე ვერ ვაგებ პასუხს ვერც ახლა, ვერც მომავალში, მათ შორის, მის აგრესიაზეც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძმას ვემიჯნები ან მის ინტერესებს არ დავიცავ, მთელი ცხოვრება დავიცავ, უბრალოდ, მინდა ცალსახად ვთქვა, როგორც მე ვარ კანონის წინაშე თანასწორი, ისე ჩემი ძმა, ჩემი ნებისმიერი ოჯახის წევრია თანასწორი, ასე რომ ნებისმიერ ქმედებაში, რომელსაც შეიძლება გარკვეული ბრალეულობა გამოვლინდეს, არავის არ აქვს ამის იმუნიტეტი და მათ შორის, არც მას” – აცხადებს იზორია.