სამართალდამცველებმა 24 იანვარს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წევრები დაკითხეს, მათ შორის თარაშ შურღაია და ავთანდილ ცინცაძე.
დაპირისპირების ერთ-ერთი უშუალო მონაწილის, უმრავლესობის დეპუტატ ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
ცინცაძე მომხდარში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ყურადღება დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე უნდა გამახვილდეს.
„ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, თუმცა მე მგონია, რომ პასუხგასაცემი ბევრი არაფერი არ იყო. ყველამ დაინახა რაც მოხდა. მგონი იმაზე უფრო უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას, ეს რამ გამოიწვია. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, გასცდა ყველანაირ ჩარჩოს. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს იყო პირადი შეურაცხყოფა,” – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.