როგორ შეიძლება განვთავისუფლდეთ სტრესული და ნეგატიური ფიქრებისგან, ანდა ვიმიუშაოთ საკუთარ თავთან და ვიყოთ პასუხისმგებლები საკუთარ მომავალზე? ამაში ცნობილი ამერიკელი სპიკერის და ავტორის ბაირონ ქეითის წიგნი – “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?” დაგეხმარებათ, რომელიც მისმა მოსწავლემ, თინათინ ბასილაიამ თარგმნა და რომლის პრეზენტაციაც 30 იანვარს სასტუმრო „ბილტმორტში“ გაიმართება.
27 წლის თინათინ ბასილაია ბაირონ ქეითის ფსიქოლოგიური მეთოდის “სამუშაოს” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მან ქეითის წიგები ქართულად თარგმნა და საქართველოში ჩამოიტანა. დღეს კი ქართველებს მსოფლიოში აღიარებულ მეთოდს უზიარებს და მათ ეხმარება, უფრო ბედნიერები, ძლიერები, თავისუფლები და თვით-რეალიზებულები იყვნენ.
გაზეთ „მეტრონომმა“ თინათინ ბასილაიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის თავის გამოცდილებაზე, მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
თინათინ ბასილაია ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის მოსწავლეა, რომლისგანაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველებს უზიარებს.
თინათინი ფსიქოლოგიით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარდა, ის უკვე მრავალი წელია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად ესწრება პროფესიული და პიროვნული ზრდის ტრენინგებს. სწავლობს საუკეთესო პროფესიონალებთან, შემდეგ კი თავისი პროგრამების საშუალებით ადამიანებს მიღებულ გამოცდილებას უზიარებს.
„ფსიქოლოგიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. მიყვარდა ადამიანებზე დაკვირვება. ვცდილობდი, გამომეცნო მათი ფიქრები და პრობლემები. 13 წლის ასაკში დედამ ფსილოგოგთან წამიყვანა, ვინაიდან სკოლას ხშირად ვიცვლიდი და ფიქრობდა, რაიმე სახის პრობლემა ხომ არ მქონდა. იქ განვიხილავდით უამრავ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან, ამან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე. იმდენად მომწონდა ის ფსიქოლოგი, გადავწყვიტე, მეც ეს პროფესია ამერჩია. უნვერსიტეტში ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე, თუმცა თეორიული ცოდნა არ იყო საკმარისი და სხვადასხვა ტრენინგზე დავდიოდი. საქართველოში იწვევდნენ ფსიქოლოგებს, ატარებდნენ ტრენინგებს, სადაც გვასწავლიდნენ სხვადასხვა მეთოდს. პირველი შთამაგონებელი ტრენინგი გავიარე 2013 წელს, სახელწოდებით „გაჭრა წარატებისკენ“, როცა ჩამოიყვანეს უცხოელი ქოუჩი. მაშინ მივხვდი, რომ თურმე მიზნები უნდა დავისახო, თურმე რაზეც ვოცნებობ, შესაძლოა ასრულდეს. საქართველოსა და უკრაინაში ამ ტრენერის ყველა ტრენინგს დავესწარი. 2015 წელს უკრაინაში მისი ქოუჩინგის სკოლაც გავიარე. შემდეგ ჩემი მენტორი გახდა და საინტერესო ცოდნა და გამოცდილებაც გამიზიარა“.
თინათინმა სწორედ უკრაინაში ერთ-ერთ ტრენინგიდან გაიგო ამერიკელი სპიკერის ბაირონ ქეითისა და მისი მეთოდის შესახებ. მას შემდეგ ბევრი იბროლა, რათა ქეითის ტრენინგზე მოხვედრილიყო და საქართველოში მისი მეთოდი ჩამოეტანა. ის ქეითის რამდენიმე ტრენინგს დაესწრო, მოგვიანებით კი ამერიკელ სპიკერს სხვადასხვა ქვეყანაში ასისტენტობაც გაუწია.
„2015 წელს ბაირონ ქეითის წერილი მივწერე, როგორ ვხედავდი საქართველოში მისი მეთოდის გამოყენებას, როგორ გავუზიარებდი ადამიანებს მის ცოდნას. ქეითის იდეა მოეწონა და მომდევნო წელს როცა გერმანიაში მისი ტრენინგი გავიარე, საქართველოში მისი მეთოდის ჩამოტანის უფლებაც მომცა. ამისთვის ბევრი ვიბრძოლე. ამ მეთოდის ჩამოტანა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ იმდენად მჯეროდა, რომ ეს ბევრ ადამიანს დაეხმარებოდა, არ დავნებდი. ამ მეთოდით მუშაობის პროცესი ძალიან ნაყოფიერია. ჩემს კლიენტებს რომ ვუყურებ, მათი ცხოვრება რადიკალურადაა შეცვლილი“.
თინათინმა ამერიკელი ფსიქოლოგის მეთოდის მიხედვით ინდივიდუალური სესიების ჩატარება დაიწყო და „ონლაინ“ პროგრამებიც შექმნა. მოგვიანებით მან თარგმნა და გამოსცა ქეითის წიგნი – “გიყვარდეს ის, რაც არის”, რომლის პრეზენტაციაც 2018 წელს გამართა. მან ქართველი მკითხველის დიდი სიყვარული და ინტერესი დაიმსახურა. დღეს თინათინი ამერიკელი სპიკერისა და ავტორის მეორე წიგნის პრეზენტაციისთვის ემზადება.
როგორც თინათინი აღნიშნავს, წიგნი – “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?” ყველა ადამიანს დაეხმარება იმუშავონ საკუთარ თავსა და სხვებთან ურთიერთობაზე. ის თავისი პრაქტიკული რეკომენდაციებით, სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით, ნამდვილი ისტორიებითა და ამბებით მკითხველს ეხმარება ისწავლოს სტრესული და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება, განსაკუთრებით კი ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.
თინათინის თქმით, წიგნი ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ურთიერთობები, თავდაჯერებულობა, სიყვარული, აღიარების და დაფასების მოთხოვნილება და მისგან გათავისუფლების ხერხები.
თინათინის მიზანია წიგნის მეშვეობით აგრეთვე ხელი შეუწყოს საქართველოში ქალთა გაძლიერებასა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შემცირებას.
„ეს წიგნი გათვლილია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვი, ვინაიდან ყველას გვჭირდება სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები. თუმცა საქართველოში ქალები უფრო ბედავენ ამ საკითხზე საუბარს, ვიდრე მამაკაცები. დღეს კი ოჯახში ძალადობის უამრავი შემთხვევაა. ძალადობა შესაძლოა იყოს ფიზიკური, ასევე, ემოციური. ამ სახის ძალადობაა, როცა ქმარი ცოლს ეუბნება,- „რას გავხარ, შენ რა უნდა გამოგივდეს“- და მსგავსი რეპლიკები. ამან შესაძლოა ქალს თვითშეფასება ნულამდე დაუწიოს. ამ წიგნის დახმარებით კი ვთავისუფლდებით არასწორი შეხედულებებისგან. ეს წიგნი ეხმარება ქალებს, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და ირწმუნონ საკუთარი თავი. როცა თვითშეფასება იზრდება, ქალი ფიქრობს, რომ უკეთეს მოპყრობას და უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. ეს კი მას გარკვეულწილად პრობლემის გადაჭრაში და ახალი გზების პოვნაში ეხმარება.“
დღეს ფსიქოლოგი ინდივიდუალური სესიებით უამრავ ადამიანს ეხმარება, მათი ცხოვრება უკეთესი გახდეს. თინათინი მუშაობის დროს იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ქოუჩინგი და ბაირონ ქეითის “სამუშაო”. მასვე აქვს „ონლაინ“ პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა მოდულს ეხება. დღეს თინათინი ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც ბაირონ ქეითის წიგნის მიხედვით იქნება აწყობილი.
გარდა ამისა, ფსიქოლოგს აქვს ექვსთვიანი პროგრამა, სადაც მსურველს შეუძლია შეისწავლოს აღნიშნული მეთოდი. ის მოსწავლეებს ბაირონ ქეითისგან მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თინათინი უკრაინაში წასვლას და რუსულენოვან სივრცეში ახალი ფსიქოლოგიური მეთოდების შესწავლას აპირებს. მას სურს გააგრძელოს წამყვან პროფესიონალებთან სწავლა სხვადასხვა ქვეყნებში, შეისწავლოს სხვადასხვა ფსიქოლოგიური მეთოდი, აიმაღლოს კვალიფიკაცია და საბოლოოდ საკუთარი მეთოდი შექმნას. თინათინის მიზანია, გახდეს მსოფლიო დონის „სპიკერი,“ დაწეროს წიგნები და მისი გამოცდილება დიდ აუდიტორიას გაუზიაროს.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, თინათინის მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნოთ მის ვებგვერდზე, Facebook-ზე თუ Instagram-ზე. ხოლო, მის მიერ ნათარგმნი წიგნის – “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?” შეძენა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.
თათა შაიშმელაშილი