ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას გავაცნოთ სენატორ ვიკერის წერილის შინაარსი და განვუმარტოთ, რატომ მალავს ამ წერილს ხელისუფლება”, – სალომე სამადაშვილი

“სენატორი როჯერ ვიკერი მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს უახლოეს მომავალში განიხილოს საარჩევნო სისტემაში იმ ცვლილებების უზრუნველყოფა, რომელიც ქართველ ხალხს საარჩევნო სისტემაში რწმენას დაუბრუნებს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილი აცხადებს, რომ სენატორმა როჯერ ვიკერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი დეკემბერში გამოუგზავნა და ხელისუფლებამ ეს წერილი იმიტომ გადამალა, რომ ამ წერილში საუბარია პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროვებასა და დევნაში.

„რადგანაც ხელისუფლებამ არ გაასაჯაროვა წერილი, როგორც ჩვენ ვთხოვეთ, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებას პრემიერ გახარიას სახელზე აქვს მიღებული აშშ-ს სენატიდან, საჭიროდ ვთვლით, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ამ წერილის შინაარსი და განვუმარტოთ რატომ მალავს ამ წერილს ხელისუფლება და რა არის ამ წერილის არსი.

წერილის ავტორი სენატის წევრი როჯერ ვიკერია, რომელიც შეიარაღებული კომიტეტისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრია სენატში, ანუ იმ კომიტეტების, რომლებიც განაგებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარებისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს და ასევე, ის არის ჰელსინკის კომისიის წევრიც. ჰელსინკის კომისია აშშ-ში უმაღლესი ორგანოა, რომელიც უზუნველყოფს ადამიანების უფლებების დაცვას სხვა სახელმწიფოებში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჰელსინკის კომისიის წევრი წერილით მიმართავს გახარიას.

რატომ გადამალა ხელისუფლებამ ეს წერილი? იმიტომ, რომ განსხვავებით სხვა წერილებისგან აღნიშნულ კომუნიკაციაში პირდაპირ საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროვებასა და დევნაში. კონკრეტულად, სენატორი აცხადებს, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ციხით ემუქრება ოპონენტებს მაშინ, როდესაც სამართლებრივი დევნა მიმდინარეოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების როგორებიც არიან მაგალითად: ნიკა მელია ან გიგა ბოკერია. სენატორი აღნიშნავს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი ქვეყანა რეგიონში, რაც შეეხებოდა დემოკრატიას და ეს პირველ რიგში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება იყო, რომელი ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ დაპირებული საარჩევნო სისტემის უკან წაღებამ და ხელისუფლების მიერ სრული კონტროლის დამყარებამ სასამართლო სისტემაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გზით, ფაქტობრივად, ქვეყანა უკან დაწია და დემოკრატიული განვითარების შანსი შეაჩერა. სენატორი მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოიყენოს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში, და ეს წერილი დეკემბერშია დაწერილი, განიხილოს საარჩევნო სისტემაში იმ ცვლილებების უზრუნველყოფა, რომელიც ქართველ ხალხს დაუბრუნებს რწმენას საარჩევნო სისტემაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, ეს წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ დღეს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეყავს და ჩიხში შეყავს ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„სენატორი ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე როგორ სურს დაუჭიროს მხარი საქართველოს და მის სტრატეგიულ ურთიერთობებს მის ქვეყანასთან, მაგრამ ამისთვის აღნიშნავს, რომ აუცილებელია ჩვენ გვქონდეს წინსვლა და პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით.

მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეს, როდესაც სენატის ვაჭრობის კომიტეტის წევრი მსგავს წერილს წერს, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ დღეს ჩვენი კეთილდღეობის გზაზე, იმ გზაზე, რომელმაც უნდა მოიზიდოს ქვეყანაში მათ შორის ამერიკული ინვესტიციები, ჩვენს ქვეყანაში განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა უზრუნველყოს, მთავარ წინაღობად გვესახება სწორედ ბიძინა ივანიშვილი, მისი ხელისუფლება და მათი მცდელობა, რომ დემოკრატიული მხარდაჭერის დაკარგვის მიუხედავად ნებისმიერ ფასად ქვეყანაში ძალაუფლება შეინარჩუნონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....