“მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია” აცხადებს, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლეიტენანტის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი, სულხან კომახიძე. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუგეშაშვილებს არ იცნობს და ის აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე გლდანში, გუშინ ღამე, დაახლოებით, 2 საათიდან 3 საათამდე დააკავეს. ის საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, სახლში მიდიოდა. ის ამ საქმესთან შემხებლობას უარყოფს. გაოგნებულია დაკავებით, ელოდება საქმის მასალებში ჩახედვას, რომ გაიგოს მისი დაკავების საფუძველი რა არის. ამ დრომდე საქმის მასალების გადმოცემას ველოდებით, უკვე რამდენჯერმე მივმართეთ”, – განაცხადა კომახიძემ.
ზაზა მურჯიკნელს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული ფაქტი გახსნა. ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.