ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არავის ვაპატიებ ჩემი ცოლის გამოყენებას ჩემ წინააღმდეგ” – გვარამია

ჩემს ოჯახზე უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს – ამის შესახებ განცხადება, საქალაქო სასამართლოში, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

როგორც  გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები თვალთვალს ახორციელებენ ოჯახის კუთვნილ ავტომობილზე. თუმცა მას აქვს ინფორმაცია, რომ თვალთვალი ხორციელდება უშუალოდ მის მეუღლესა და შვილებზე, რაც გვარამიას მტკიცებით უკანონო მოქმედებაა.

„ჩემი ოჯახი არის განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების, საშიშროების და საფრთხის წინაშე ამ ხელისუფლების მიერ. იცით, რომ ერთ ერთი საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ აბსურდულად არის წამოწყებული, ეხება მანქანას, რომელიც ოჯახის სარგებლობაში იყო. ეს ჩვენ არც დაგვიმალავს, სარგებლობდნენ მეუღლე და ბავშვები. პროკურატურას უნდა დაედგინა, ეს მანქანა რეალურად ჩვენი ოჯახის სარგებლობაშია თუ არა. რომ ეკითხათ, დავადასტურებდით. მიუხედავად ამისა, გამოტანილ იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენებით. გაგაცნობთ დადგენილებას. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის დავალებით, ორგანიზებულ იქნა ვიზუალური კონტროლი საქართველოს მოქალაქეზე სოფიო გიორგის ასულ ლილუაშვილზე, რომელიც კრეფში იფიგურირებს ფსევდონიმით, „ობიექტი ლაბაძე“. აი ამ კრეფსებში, არის 28 დღის მანძილზე თვალთვალი მეუღლეზე, აქ არის 28 დღის განმავლობაში ჩემი მეუღლის გადაადგილებები, მისი და არა მანქანის. სულ ორჯერ, ორ დოკუმენტში ფიგურირებს ეს მანქანა, დანარჩენებში არის სხვა მანქანები, ან ჩემი, ან ჩვენი მეგობრების. 28 დღეს რას უთვალთვალებდნენ რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და შვილების გადაადგილება და ამის დეტალური აღწერა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მსგავსი თვალთვალი ნიშნავს ომის გამოცხადებას მისი ოჯახისთვის.

„ჩვენ რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, ეს ვიცით ძალიან კარგად. ეს გრძელდება უკვე შვიდი წელია. გვიგზავნიან ვიდეო კადრებს ჩემი შვილების თვალთვალის, უკვე ოფიციალურს, შანტაჟის, გვიგზავნიან ოფიციალურ დოკუმენტებს ცოლის გადაადგილების, მე მგონია, ეს არის საომარი მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენმა ოჯახმა მიიღო ომის გამოცხადება უკვე დიდი ხანია და დღეს საბოლოოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში.

ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და დავამარცხებთ. როგორც ადამიანები, ვისჯებით სიმართლისთვის, ჩვენი პოზიციისთვის, სიმტკიცისთვის. ჩვენ მას დავამარცხებთ და დამარცხებულს მოვექცევით უფრო უკეთესად, ვიდრე ის გვექცევა ჩვენ. არავის ვაპატიებთ, მათ შორის ჩემი ცოლის, ძალიან ძლიერი ადამიანის და ძლიერი ქალის ინსტრუმენტად გამოყენებას, მის ინსტრუმენტალიზაციას ჩემს წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქალებს განიხილავენ ქმრებთან ანგარიშსწორების იარაღად. ვაი თქვენს პატრონს. ქალები დაგამხობენ, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მივმართავ. სახელმწიფო ჩემს ცოლზე ახორციელებს თვალთვალს და იყენებს, რომ ჩემზე მოახდინოს ზემოქმედება, ვერაფერს მიაღწევთ და არც თქვენ ცოლებზე და შვილებზე ზემოქმედება არ დაგვჭირდება, რომ დაგამხოთ. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ზუსტად იმიტომ დაგამხობთ, რომ აღგემატებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლის თვითაცილების შემდეგ პირველი სხდომა იმართება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება გამოძიება.

იტვირთბა....