ახალი ამბები მთავარი სამართალი

თოდაძის ადვოკატის განცხადებით, ჯიშკარიანმა აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ, დაარღვია

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანმა, თანამშრომლებთან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ, დაარღვია.

როგორც ლუკავა ამბობს, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას პროკურორს მიაწვდიან.

„მოგეხსენებათ, არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რის თანახმადაც ისინი უდაოდ ხდიან მოწმეების ჩვენებებს. ეს მოწმეები არიან ძირითადად ბიუროს თანამშრომლები და ისინი ამ უდაო ცნობის საბაბად უთითებენ, რომ თითქოსდა ბიუროს თანამშრომლები ვერ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იღებენ ხელფასებს, ვერ აგრძელებენ მათთან ხელშეკრულებას და სწორედ ამიტომ, სურთ, რომ მათი ჩვენებები უდაოდ იქნას ცნობილი, ან თუ არ იქნება, დაიკითხონ უფრო ადრე, ვიდრე სხვა მოწმეები.

გაგვიჩნდა ეჭვები, კერძოდ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია დაცვის მხარეს, მაშინ, როდესაც ბრალდებულს აკრძალული აქვს ყოველგვარი კომუნიკაცია მოწმეებთან. თუ არ მოხდა მათთან კომუნიკაცია, მაშინ საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია. ამიტომ მივმართეთ საკრებულოს განცხადებებით და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რაც სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულის მხრიდან შესაძლოა, დარღვეული იყო აღკვეთის ღონისძიების სახე და მის მიმართ განხორციელდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთასთან გასაუბრების შემდეგ გამოვარკვიეთ, რომ ყოველი თვის ბოლოს ბიურო ადგენს სპეციალურ ფორმას, რომელიც ასახავეს თანამშრომლების მისვლას და დასწრებას სამსახურში და ამ ფორმას ხელს აწერს თავად ილია ჯიშკარიანი, ამ ხელმოწერის გარეშე ბიუროს თანამშრომლები ვერ იღებს ხელფასს, წინა სამი თვის განმავლობაში, ბიუროს თანამშრომლების მიერ დასწრების შესახებ ინფორმაცია არის საკრებულოში შესული ჯიშკარიანის ხელმოწერით და ხელფასებიც გაცემულია. სწორედ ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია მოწმეებთან. მან, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება დაარღვია”, – განაცხადა ლუკავამ.

შეგახსენებთ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, გასული წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

იტვირთბა....