ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, მისი აგრესია კალანდიას უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან მისივე თქმით, ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.
„მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს”, – განაცხადა სარალიძემ, რის შემდეგაც ბრალდების მხარის მისამართით ფოტოები ისროლა.
მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა, სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
“რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო? კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელსო. რაზე მისვამთ კითხვას, ხალხი არ ხართ? ამ ჩემ ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში მაინც ხო უნდა გამოუშვან? რა მნიშნელობა აქვს? ესაა გარიგება? შთამომავალი რომელიც მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა ამის მერე რა კითხვა გინდათ ან რა პასუხი” – განაცხადა ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს.