ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეიძლება, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გახარია აღნიშნავს, მმართველი პარტია მზად არის, სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე წყნარად სასაუბროდ.

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ-ი მხარს უჭერს. შეიძლება, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ, ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა. ეს სახეზეა. ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება. ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ის წერილი, რომელიც 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, მაიკლ მაკკოლმა ​ და ელიოტ ენგელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წერილის თაობაზე, გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.

იტვირთბა....